მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჰარცელი: საერთო წერილზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ზიგიერთი ევროპარლამენტარი, რომლებმაც ხელი მოაწერეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საერთო წერილს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპარლამენტში.

"ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპარლამენტში საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან და საქართველოსთან დაკავშირებით." – თქვა ჰარცელმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ უშუალოდ წერილზე და ასევე წერილთან დაკავშირებულ კომენტარებზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა ევროკავშირის დელეგაცია ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის საქმეს.

"როცა საქმე ეხება ევროკავშირის დელეგაციის მუშაობას, ყოფილი პრეზიდენტის საქმეს ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ჩვენთვის ფოკუსია ფუნდამენტური უფლებები და კანონის უზენაესობა. რაც ფუნდამენტური საწყისი წერტილებია ევროკავშირისთვის. ველით, რომ ვნახავთ გამჭვირვალე, სამართლიან და შესაფერის სამართლებრივ პროცესს მის წინააღმდეგ დაკავშირებულ საქმეებთან." – თქვა ჰარცელმა.

გუშინ, 20 ოქტომბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროპარლამენტარები არაფერს წარმოადგენენ.

"არც ფოტიგა, არც კუბილიუსი და არც არავინ ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ. [..] ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. ამ ქვეყანაში კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება. ეს გაითვალისწინოს ყველამ". – თქვა ღარიბაშვილმა.

ევროპარლამენტარები: ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ.

ისინი წერილში საუბრობენ ექსპრეზიდენტის დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე და ამბობენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეცა და სანამ მას განიხილავენ, ისინი ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.


სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. 7 ოქტომბერს რუსთავის ციხეში პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი იმყოფებოდა - სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მანაც მოუწოდა, თუმცა ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს. როგორც ის წერს, "შიმშილობა არის ჩემი ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც დამიტოვა ამ რეჟიმმა. ბრძოლა ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა". ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი - "ავადმყოფური ფერი აქვს, მოტორიკა შენელებულია, უჭირს გადაადგილება". სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მიუხედავად იმისა, რომ 1-ელ ოქტომბერს ქართული ოცნების წევრები მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ იყო შემოსული, ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ის საქართველოში 1-ელ ოქტომბრამდე ჩამოვიდა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ენმ-მ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციაგამართა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის.  

ევროპარლამენტარის, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით კი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სააკაშვილისთვის მუხლების დამატებაზე ცხადყოფს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური მოტივებით ხდება და, მისივე სიტყვებით, პოლიტიკურ სამართალს ის ქვეყნები იყენებენ, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ამბობს, რომ სააკაშვილის საქმის გამო საქართველოს კარგი იმიჯი არ შეექმნება და, მისივე შეფასებით, სიტუაცია "გულდასაწყვეტია". კრამერს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულად ეჩვენება და ამბობს, რომ მას უკრაინაში დაბრუნების უფლება უნდა მისცენ.

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კი ამბობს, რომ შესაძლოა, სააკაშვილზე მათი გადაწყვეტილება მხოლოდ ექსტრადაცია არ იყოს.

კომენტარები