მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეგნანი: აშშ-ს საელჩო და ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდებიან სააკაშვილის მდგომარეობას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, საელჩო და ვაშინგტონი დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან. ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი, ელჩმა დეგნანმა უპასუხა, რომ ამაზე ის ვერ ისაუბრებდა

"ამ საკითხზე [მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე] მე ვერ ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ ბევრი ქართველის ყურადღების ცენტრშია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდებიან მის მდგომარეობას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

იმედი მაქვს, რომ არსებობს იმის სივრცეც, ყურადღების ცენტრში მოექცეს მოახლოებული არჩევნების მეორე ტური. მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნოდ კანდიდატებმა ამომრჩევლებს გააცნონ პლატფორმები, იდეები და პროგრამები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა არჩევნებამდე იყოს მშვიდი და შესაფერისი იმისთვის, რომ ჩატარდეს კარგი არჩევნები 30 ოქტომბერს. ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მეთვალყურეობას". – თქვა დეგნანმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-17 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები