მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"უნდათ, უდანაშაულოდ შერაცხონ" – რუსთავის ციხესთან სააკაშვილის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ფორმულა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. აქციაში მონაწილეობენ ტრისტან წითელაშვილი და ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. 

"დღეს ვაპროტესტებთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამართლიანად იხდის სასჯელს და ზის ამ დაწესებულებაში, უნდათ, უდანაშაულო ადამიანად შერაცხონ. ისმის განცხადებები, რომ ის არის პოლიტპატიმარი და თითქოს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. დღეს პოლიტპატიმრები მოვედით აქ იმისათვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა დღეში ვიყავით ჩვენ იმ დროს, როცა მან დაიწყო რეპრესიები საქართველოში". - ამბობს ტრისტან წითელაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში.  

პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მან ციხე დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მიუხედაავდ იმისა, რომ ქრთული ოცნების წევრები მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ იყო შემოსული, ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ის საქართველოში 1-ელ ოქტომბრამდე ჩამოვიდა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშილი დაკავების დღიდან შიმშილობს და შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს. 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ენმ-მ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის.  

ევროპარლამენტარის, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით კი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სააკაშვილისთვის მუხლების დამატებაზე ცხადყოფს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური მოტივებით ხდება და, მისივე სიტყვებით, პოლიტიკურ სამართალს ის ქვეყნები იყენებენ, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ამბობს, რომ სააკაშვილის საქმის გამო საქართველოს კარგი იმიჯი არ შეექმნება და, მისივე შეფასებით, სიტუაცია "გულდასაწყვეტია". კრამერს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულად ეჩვენება და ამბობს, რომ მას უკრაინაში დაბრუნების უფლება უნდა მისცენ.

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კი ამბობს, რომ შესაძლოა, სააკაშვილზე მათი გადაწყვეტილება მხოლოდ ექსტრადაცია არ იყოს.

 

კომენტარები