მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბრეგაძე: სიცრუეა, თითქოს სააკაშვილთან პირად ექიმს არ ვუშვებთ, წესის დარღვევით მიმართეს

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, N12 პენიტენციურ დაწესებულების ხელმძღვანელობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ციხეში არ უშვებს, სიცრუეა. ბრეგაძის თქმით, ყველა ის პირი, ვინც დადგენილი წესით მიმართა ციხის ადმინისტრაციას, დაწესებულებაში უპრობლემოდ შეუშვეს.

"არასწორია ფორმულირება, რომ არ ვუშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ბატონი ყიფშიძე ციხეში იმყოფებოდა რამდენჯერმე და მოინახულა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. არსებობს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დადგენილი წესები. ამისთვის უნდა გაკეთდეს შესაბამისი მიმართვა. ეს მიმართვა გაკეთებული იყო წესის დარღვევით და ციხის ადმინისტრაციამ ადვოკატის მეშვეობით უკვე შესთავაზე, რომ დაწეროს განცხადება და შემოვიდეს. თუკი ის წესის დაცვით დაწერს განაცხადს, დღესვე შევა ციხეში". – თქვა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ინტერესშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობა. მისივე თქმით, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს, 15 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროში გამართავს.

11 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს, რადგან მის საშვს ვადა გაუვიდა.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-15 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები