მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ექიმი: მინდოდა პრეზიდენტის ნახვა, მაგრამ მითხრეს, რომ საშვს ვადა გაუვიდა

ნიკოლოზ ყიფშიძე
მთავარი არხი

სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, 2 საათიანი ლოდინის შემდეგ მის სანახავად არ შეუშვეს. ექიმის თქმით, დაწესებულებაში მას უთხრეს, რომ საშვს ვადა გაუვიდა.

"მე მინდოდა პრეზიდენტის ნახვა და აუცილებლად მინდოდა ექიმის ნახვა. განმარტება მივიღე, რომ ჩემს საშვს გაუვიდა ვადა, ამიტომ უნდა დავწერო ახალი განცხადება, მერე იმ განცხადებას განიხილავენ და იმის მიხედვით გადაწყდება ეს საქმე. უნდა მელაპარაკა მისი მდგომარეობის შესახებ და განგვეხილა მკურნალობის გეგმა". - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ნიკოლოზ ყიფშიძემ 10 ოქტომბერს თქვა, რომ ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას სიარული და საუბარი უჭირს. მან ასევე თქვა, რომ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, თალასემია, რომლის დროსაც შიმშილი არ შეიძლება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გუშინდელი განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

11 ოქტომბერს, სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მისი მორიგი წერილი საჯაროდ წაიკითხა. გვარამიას თქმით, სააკაშვილი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მისი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე გაავრცელეს

პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი მე-11 დღეა შიმშილობს.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები