მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კუბილიუსი: პოლიტიკურ სამართალს იყენებენ ის ქვეყნები, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ისაუბრა.

კუბილიუსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პერმიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სააკაშვილი "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ", ცხადყოფს, რომ საქართველოში გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური მოტივებით ხდება.

"პრემიერმინისტრის განცხადება არის მიუღებელი. ეს გვანახებს, თუ რამდენად სჭირდება საქართველოს სამართლებრივი სისტემის რეფორმა" – თქვა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარის შეფასებით ღარიბაშვილის ზოგიერთი განცხადება შემაშფოთებელია, მათ შორის ბრალდებები ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით და პრემიერმინისტრმა თავის განცხადებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ანდრიუს კუბილიუსმა ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდებების არაპოლიტიზებული სამართლებრივი სისტემის მიერ გამოძიების მნიშველობაზე.

"...ყველა ბრალდება ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს გამოძიებული არაპოლიტიზებული სამართლებრივი სისტემის მიერ. როდესაც სამართლებრივი სისტემა პოლიტიზებულია და პრემიერი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს წაუყენებენ, ეს ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიზებული სამართალი და არა სისხლის სამართალი. პოლიტიკური სამართალი გამოიყენება ისეთი ქვეყნების მიერ, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ." – თქვა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპული მომავალი სურს, მაშინ მთავრობა, უნდა აჩვენოს, რომ ქვეყანაში არსებობს ევროპული სტილის სამართალი და საერთო ევროპული ღირებულებებიდან, დემოკრატიიდან გამომდინარე კანონის უზენაესობა.

მანამდე, 7 ოქტომბერს ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებას განცხადებით გამოეხმაურნენ.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები