მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ევროპარლამენტარები ღარიბაშვილზე: ასეთ განცხადებას EU-ს ქვეყანაში გადადგომა მოჰყვებოდა

ანდრიუს კუბილიუსი/რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებას განცხადებით გამოეხმაურნენ.

ისინი წერენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სააკაშვილი "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ" აჩვენებს, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია და მსგავს განცხადებას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის სასწრაფო გადადგომა მოყვებოდა.

"ჩვენ ველით, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული სამართლის სისტემის პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკანასკნელი საჯარო მუქარა სააკაშვილის მიმართ დამატებითი მუხლების წარდგენაზე, თუ ის "კარგად არ მოიქცევა". ეს აჩვენებს, რომ საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ არის ფაქტობრივად პოლიტიკური, რაც სავალალო და შეუსაბამოა ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან. ეს არის ნათელი მტკიცებულება, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობას კვლავ არ შეუძლია დაძლიოს ცდუნება მართლმსაჯულების პოლიტიზების, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს.

ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის მსგავსი განცხადება მისი დაუყოვნებლივ გადადგომით დასრულდებოდა. პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის მიერ პერსონალური შეტევები ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ვარდების რევოლუციის მიღწევების მიმართ არის უბრალოდ გულისამრევი. განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში, რომლებიც დაფუძნებულია ორმხრივ ნდობასა და პატივისცემაზე, ვერავინ დაინახავს მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერების მსგავს ქცევას", - წერია განცხადებაში.

კუბილიუსი და იუკნევიჩიენე 2 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შეფასებისას კი წერენ, რომ იზიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლების ზოგად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად გამართული იყო, თუმცა, ეს ყველაფერი "გააფუჭა" მუდმივმა ბრალდებებმა დაშინების, შანტაჟის, ზეწოლისა და რესურსების არათანაბარი გადანაწილების შესახებ. 


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

კომენტარები