არჩევნები 2021

ევროპარლამენტარები: ოცნებას ისევ არ გამოსდის დაამტკიცოს, რომ EU-ს პირობების შესრულება შეუძლია

ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარებმა, ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ 2 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. 

წერილში ევროპარლამენტარები საქართველოში პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ პრო-ევროპული განვითარების გზასა და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს. კუბილიუსი და იუკნევიჩენე ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებენ, ერთობლივად იმუშაონ ქართველი ხალხის ნების აღსასრულებლად, რომ გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი. 

"დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის სამართლის უზენაესობის სისტემა არის ევროპაში ინტეგრაციის წინაპირობა. ქართულ ოცნებას კვლავ და კვლავ არ გამოსდის იმის დამტკიცება, რომ შეუძლია ამ პირობების შესრულება. 

მოვუწოდებთ საქართველოში პოლიტიკურ ძალებს, დაიწყონ ხიდების აშენება ნორმალური დემოკრატიული პოლიტიკური დიალოგისთვის, დაუბრუნდნენ პრო-ევროპული რეფორმების გზას და ფოკუსირდნენ ქართველი ხალხის სასარგებლოდ ქვეყნის განვითარებისთვის მეტად საჭირო პროგრესს. 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ გაფლანგოს ის შედეგები, რასაც უკვე მიაღწია. ჩვენი მხრივ, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციები, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ გზაზე წარმატების მიღწევა შესაძელებელია მხოლოდ მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და ყველა პრო-ევროპული პოლიტიკური ძალის გაერთიანებული და მუდმივი ძალიხსმევითა და ერთად მუშაობით, რათა მიაღწიონ ხალხის ძლიერ სურვილს, რომ საქართველო ევროკავშირში იხილონ". – წერენ ევროპარლამენტარები.

რაც შეეხება არჩევნების შეფასებას, ისინი იზიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლების ზოგად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად გამართული იყო, თუმცა, ეს ყველაფერი "გააფუჭა" მუდმივმა ბრალდებებმა დაშინების, შანტაჟის, ზეწოლისა და რესურსების არათანაბარი გადანაწილების შესახებ. 

მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტარები წერენ, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი, რომ თუკი სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, მას სხვა მუხლებს დაუმატებენ და "სხვებსაც მივაყოლებთ", აჩვენებს, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია და მსგავს განცხადებას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის სასწრაფო გადადგომა მოყვებოდა.

კომენტარები