უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ "მადიარ" ბროვდიმ ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის იერიშების ფონზე თქვა, რომ ნახევარკუნძული კრემლისთვის "ფსიქოლოგიური გადატეხვის წერტილი" გახდება და "მოსკოვს დაასრულებს".
ამის შესახებ ბროვდიმ Facebook-ზე დაწერა.
"ყირიმი დაასრულებს მოსკოვს, ეს არის ფსიქოლოგიური გადატეხვის წერტილი, უკვდავი კოშეის ნემსი ჩვენ ცხვირწინ არის დამალული. ყველა დიქტატურა მოულოდნელად ინგრევა, გაიხსენეთ ნებისმიერი მაგალითი". - თქვა ბროვდიმ.
ბროვდიმ განმარტა, რომ კრემლი ყირიმს ბოლო წამამდე ჩაებღაუჭება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ნახევარკუნძული სრულ იზოლაციაში მოექცევა, რადგან მას "ომის მთავარ ნადავლად" აღიქვამს.
"მოსკოვი და ბუნკერის ბაბუა [რედ. - პუტინი] ბოლო წამამდე იქნებიან ჩაბღაუჭებულები ყირიმზე, როგორც ომის მთავარ ნადავლზე, "კუნძულის" რეჟიმშიც [რედ. - სრული იზოლაციის შემთხვევაშიც] კი. რა თქმა უნდა, ეს მათთვის არის "სიდიადის" იდეოლოგიის საყრდენია და უამრავი სარგებელი, მაგალითად, "რუსეთის ფედერაციის აზოვის შიდა წყალსაცავი" და ა.შ". - თქვა ბროვდიმ.
თუმცა, მანვე დაამატა, რომ "მიუხედავად ამისა, ყირიმის უკრაინაზე თავდასხმის პლაცდარმად გამოყენება უკვე სამხედრო აბსურდია", შემდგომ კი "თავისუფლების მოყვარული უკრაინული ჩიტის" "რეცეპტი", ანუ უკრაინული დრონების საჰაერო იერიშები, მუშაობს.
"ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების სრული ჩამოშლა, ფლოტის ნარჩენების განადგურება, ჩრდილოვანი ეკონომიკის შეჩერება, რესურსებისა და ლოჯისტიკის ტოტალური გამოფიტვა, ტურისტული დეფოლტი, ენერგეტიკული უდაბნო, სატრანსპორტო ლოკდაუნი და ა.შ." - თქვა ბროვდიმ.
გარდა ამისა, ბროვდიმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო ძალები "იუველირის სიზუსტით მუშაობს, თუმცა ტყის ჩეხვისას ნაფოტები ყოველთვის ცვივა". მისივე თქმით, იციან, რომ "საქმე ჯოჯოხეთურად რთულია" და "მატლის [რედ. - რუსეთის] უვნებელყოფისა და ნახევარკუნძულიდან 1 მილიონი ოკუპანტის განდევნის სხვა საშუალება არ ჩანს".
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფო უკრაინელებო, მაპატიეთ მუდმივი განგაშისთვის, დაკეტილი ხიდებისთვისა და გზებისთვის, სიბნელისთვის, ხმაურისთვისა და სტრესისთვის. თავი შორს გეჭიროთ სამხედრო ობიექტებისგან და ყველაფრისგან, რაც ცეცხლსაშიშია". - თქვა ბროვდიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 ივნისს, უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში ნავთობის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიშები მიიტანა.
პარალელურად, ოკუპირებულ ყირიმში ყველა ავტოგასამართ სადგურზე სრულად შეწყდა საწვავის გაცემა როგორც თავისუფალ გაყიდვაში, ისე ტალონებით.
მანამდე, ბროვდიმ გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანი ოკუპირებული ყირიმის რუსეთისგან იზოლაციაში მოქცევაა, რაც ბროვდის თქმით, "ახლო მომავალში" მოხდება.
ცნობისთვის, უკრაინამ ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ ლოჯისტიკურ ხაზებსა და საწვავის მოსამარაგებელ მარშრუტებზე იერიშები გააძლიერა, რის გამოც მაისიდან მოყოლებული ყირიმში საწვავის რაციონებით გაცემა დაიწყო.
მისი თქმით, კამპანიის სტრატეგიული მიზანია, რომ რუს ოკუპანტებს წინსვლის ნაცვლად უკან დახევა მოუწიოთ.
"ჩვენ შევქმნით პირობებს, რომელიც უკიდურესად გაართულებს ნებისმიერი სამხედროსთვის, ან მათთვის, ვინც თავდაცვის ინდუსტრიაში მუშაობს, ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენას, ან მათკენ მიმავალი მარშრუტების გამოყენებას." – დაამატა ბროვდიმ.
პარალელურად, უკრაინულმა მხარემ იერიშები მიიტანა რუსული ძალების მომარაგებისთვის განკუთვნილ და ოკუპირებული ყირიმისკენ მიმავალ სახმელეთო მარშრუტებზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 11 ივნისის ღამის საათებში ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის ფონზეც ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ უკრაინის იერიშების შედეგად დაზიანდა ნახევარკუნძულისკენ მიმავალ სახმელეთო მარშრუტებზე მდებარე ხიდებიც.




