რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ყირიმში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვა სრულად შეწყვიტეს

უკრაინული დრონების იერიშების შედეგი ქერჩის სრუტეში.  

ოკუპირებულ ყირიმში ყველა ავტოგასამართ სადგურზე სრულად შეწყდა საწვავის გაცემა როგორც თავისუფალ გაყიდვაში, ისე ტალონებით, თქვა რუსეთის მიერ დანიშნულმა ნახევარკუნძულის საოკუპაციო ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა.

ბენზინის გაყიდვა 21 ივნისს დილის 9 საათიდან შეჩერდა.

"საწვავი გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო სამსახურებზე, რომლებიც ყირიმის რესპუბლიკის სასიცოცხლო ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ", - თქვა აქსიონოვმა.

ბენზინის დეფიციტის წინაშე ოკუპირებული ყირიმი გაზაფხულის ბოლოს აღმოჩნდა. კრიზისი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბენზინმზიდებსა და სატვირთო ავტომობილებზე მიტანილი თავდასხმების გამო დაიწყო.

6 ივნისს, სევასტოპოლში ავტოგასამართი სადგურების ქსელმა ТЭС-მა ბენზინის ტალონების მისაღებად QR-კოდების სისტემა შემოიღო (ერთი ტალონი 20 ლიტრი ბენზინის შეძენის უფლებას იძლევა). კოდის მიღება შესაძლებელი მხოლოდ კვირაში ერთხელ და მხოლოდ მესენჯერ MAX-ის მეშვეობით იყო შესაძლებელი.

რუსეთის მიერ დანიშნულმა ოკუპირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა თქვა, რომ QR-კოდები "ფაქტობრივად რამდენიმე ათეულ წამში" სრულად იწურებოდა.

კომენტარები