მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია სააკაშვილზე: ყველა ექიმი და მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ და კაცი ვიხსნათ სიკვდილისგან

ფორმულა

"უნდა შედგეს კონსილიუმი, ყველა ექიმი, ადამიანი უნდა გავერთიანდეთ, რომ კაცი ვიხსნათ სიკვდილისაგან". -  ამბობს ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ანზორ მელია, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 

"შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ ბატონ ყიფშიძისგან, განგაშის ზარებს უნდა ჩამოვკრავდეთ ეხლა, აქ ერთი წუთი მოთმინებაც არ შეიძლება, რადგან ეს დაავადებები ფონური დაავადებაა, მაგრამ მე-8 თუ მე-9 დღეა შიმშილობის და აციდოზი განვითარებულია ორგანიზმში. ამას ორჯერ მაინც, დილას და საღამოს უნდა კონტროლი, მაგრამ არც ყიფშიძის და არც მელიას დონეზე ეს არ უნდა გადაწყდეს. უნდა შედგეს კონსილიუმი, ყველა ექიმი, მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ, რომ კაცი ვიხსნათ სიკვდილისაგან. 

მივმართავ ტიკარაძეს, რომელიც ძალიან კარგი მენეჯერია, რომ სასწრაფოდ გააკეთოს ორგანიზაცია, რომ დღესვე კონსილიუმი შედგეს და დაენიშნოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მკურნალობა, თორემ, ხვალ და ზეგ უკვე გვიანი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მინისტრი ამას გააკეთებს. ახლა დრო არ არის ვინ ვისია და ვინ რა პოზიციაზე, მთავარია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა სახელმწიფო, დაამარცხა კორუფცია, პოლიცია წამოაყენა ფეხზე, არ შეიძლება ასე სასიკვდილოდ გავიმეტოთ". - ამბობს ანზორ მელია. 

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი თაფლისა და წვენის მიღებაზეც უარს ამბობს და მხოლოდ წყალს სვამს. მისივე თქმით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა გახდეს საჭირო.  

პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი მე-10 დღეა შიმშილობს.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები