ავღანეთი

მედია: თალიბანმა თურქეთს ქაბულის აეროპორტის მართვაში დახმარება სთხოვა


გამოცემა Reuters-ის ცნობით, თალიბანი თურქეთს სთხოვს, რომ ქაბულის აეროპორტის ტექნიკურ მართვაში დაეხმაროს, მას შემდეგ, რაც ქვეყანას უცხოური ჯარები დატოვებენ, თუმცა ავღანეთის თურქი სამხედროების მიერ დატოვებასაც ითხოვენ. ამის შესახებ გამოცემასთან თურქეთის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, თალიბანის შემოთავაზება თურქეთს რთული გადაწყვეტილების წინაშე აყენებს. 

თვეების განმავლობაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობა აცხადებდა სურვილს აშშ-ს ძალების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, ქაბულის აეროპორტში ძალების დატოვებაზე, რასაც თალიბანის წინააღმდეგობა მოჰყვა. ასევე Reuters-ის 17 აგვისტოს ცნობით, მას შემდეგ, რაც თალიბანმა 15 აგვისტოს დედაქალაქი დაიკავა, თურქეთმა დაჯგუფებას ტექნიკური დახმარებასა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში დახმარება შესთავაზა.

"თალიბანმა ქაბულის აეროპორტის ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით თხოვნით მოგვმართა". – ამბობს Reuters-თან თურქეთის ოფიციალური პირი და ამატებს, რომ დაჯგუფებამ კვლავ მოითხოვა ჯარის სრულად გაყვანაც.

"მუშახელისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემა თურქეთის შეიარაღებული ძალების გარეშე სარისკო საქმეა". – თქვა გამოცემასთან თურქეთის წარმომადგენელმა. ასევე, მან დაამატა, რომ საკითხთან დაკავშირებით საუბრები მიმდინარეობს, აქამდე კი თურქეთის ძალებმა ავღანეთის დატოვებისთვის მზადება დაასრულეს.

მეორე ოფიციალური პირის თქმით, გადაწყვეტილებას 31 აგვისტომდე მიიღებენ. ასევე მან დაამატა, რომ ქაბულისა აეროპორტი მნიშვნელოვანი იქნება მომავალი ავღანეთისთვის, თუნდაც ჰუმანიტარული დახმარებების მისაღებად. 

წინა დღეს, 24 აგვისტოს, თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა თალიბანის თურქეთისადმი კარგ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. 

"თურქეთთან, მათ მთავრობასთან და თურქი ერის მუსლიმებთან კარგი ურთიერთობა გვსურს. რაც შეეხებათ ავღანეთში განლაგებულ თურქეთის ძალებს, ისინი არ გვჭირდება ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ევაკუაცია დასრულდება, აეროპორტს თავად დავიცავთ". – თქვა დაჯგუფების სპიკერმა.

ამ ეტაპისთვის, დასავლეთის ძალებმა ქაბულის აეროპორტიდან 80 000-მდე ადამიანის ევაკუაცია შეძლეს. 

აქამდე, თალიბანთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ: "გვინდა  ვთქვათ, რომ მივესალმებით თალიბანის მიერ ამ დრომდე გაკეთებულ გზავნილებს". ასევე დაამატა, რომ თურქეთი განაგრძობს ავღანეთის ეკონომიკური განვითარების დახმარებას.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები