ავღანეთი

თურქეთი: შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, ქაბულის აეროპორტში ძალებს დავტოვებთ

თურქეთი ავღანეთში ქაბულის აეროპორტის დაცვის შესაძლებლობებზე საუბრობს. თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, ავღანეთიდან აშშ-სა და NATO-ს ჯარების გაყვანის შემდეგ მათ ქაბულის აეროპორტის დაცვა შეეძლებათ. 

თურქეთის ოფიციალურმა პირებმა გამოცემა Reuters-თან თქვეს, რომ მათ ეს შეთავაზება NATO-ს სამიტზე მაისში წამოაყენეს. 

"აშშ-ს მიერ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილების შემდეგ თურქეთმა გააკეთა შეთავაზება, რომ ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის საუბრები NATO-სთან და აშშ-სთან". – თქვა თურქეთის წარმომადგენელმა. 

თურქეთი აეროპორტის დაცვისთვის შესაფერის პირობებს ითხოვს. 

"ჩვენ პირობების შესაბამისად ვაპირებთ ავღანეთში დარჩენას.  რა არის ჩვენთვის საჭირო პირობები? პოლიტიკური, ფინანსური და ლოჯისტიკური დახმარება. თუ ეს პირობები დაკმაყოფილდება, ჩვენ შეგვეძლება ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში დარჩენა". – თქვა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა. 

აეროპორტი ავღანეთის სამთავრობო ძალებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილია და მოკავშირეებს არ სურთ, ეს ობიექტი თალიბანის ხელში ჩავარდეს. 

NATO-ს ლიდერები ამ საკითხს განიხილავენ მომდევნო ორშაბათის სამიტზე, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს შეხვდებიან.

კომენტარები