ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუსეთი 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროების, მათ შორის, გიორგი ანწუხელიძის წამებასა და მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს დადგენილებით, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) მუხლები დაარღვია.
სტრასბურგის სასამრთლომ დაადგინა, რომ რუსეთმა აწამა და სიცოცხლე მოუსპო 3 ქართველ სამხედრო ტყვეს: უშანგი სოფრომაძეს, კახაბერ ხუბულურსა და გიორგი ანწუხელიძეს. ამასთან, სასამართლოს განჩინებით, რუსეთმა 5 სხვა ქართველი ტყვე აწამა: დავით მალაჩინი, ზაზა კავთიაშვილი, იმედა ქუტაშვილი, მალხაზ მელაძე და კახაბერ ზირაქაშვილი.
მართალია, 2021 წლის საქმეზე, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ECHR-მ დაასკვნა, რომ ომის ხუთდღიანი “აქტიური ფაზის” განმავლობაში რუსეთს თავის სამხედრო მოქმედებებზე იურისდიქცია არ ჰქონდა, თუმცა ახლანდელ დასკვნაში სასამართლო ხელახლა აღნიშნავს, რომ ეს მსჯელობა სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობაზე არ ვრცელდება.
2021 წლის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ “მტრულ სამხედრო ძალებს შორის შეიარაღებული კონფრონტაციისა და ბრძოლის უშუალო რეალობა” და ამით გამოწვეული ქაოსი ტერიტორიაზე ნებისმიერი მხარის მიერ ეფექტურ კონტროლს გამორიცხავს. თუმცა, სასამართლო აზუსტებს, რომ ქართველი სამხედროები ტყვეობაში იმყოფებოდნენ და არა - საბრძოლო ველზე, ამიტომ მათ მიმართ მოპყრობა “თავისი არსით ვერ ჩაითვლება “სამხედრო ოპერაციად” ან “საომარ მოქმედებად”, რომელიც დაპირისპირების აქტიური ფაზის დროს ქაოსისა და დაბნეულობის დროს შესრულდა”.
სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალებსა და თვითგამოცხადებულ მთავრობას დე ფაქტო აკონტროლებდა და აკომპლექტებდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე სისტემური გავლენა ჰქონდა და მათ ომის დროს ლოჯისტიკურ და სამხედრო დახმარებას უწევდა, მათ შორის იმ ობიექტებზეც, სადაც ქართველი სამხედროები იყვნენ დაკავებულები. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქართულმა ძალებმა ცხინვალიდან უკან დახევა უკვე 9 აგვისტოს დაიწყეს.
ამ გარემოებებისა და ცხინვალში რუსული სახმელეთო ძალების განლაგების, “მცოცავი ანექსიისა” და “პასპორტიზაციის” ფონზე, სასამართლო ადგენს, რომ სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის შემთხვევები იმ ტერიტორიაზე მოხდა, რომელსაც რუსეთი ეფექტურად აკონტროლებდა და, ამდენად, მის იურისდიქციაში შედის.
თუმცა, ECHR კვლავ აზუსტებს, რომ ეს იურისდიქცია “დაპირისპირების აქტიური ფაზის დროს შესრულებულ სამხედრო მოქმედებებზე” არ ვრცელდება.
არსებული მტკიცებულებების, მათ შორის, თვითმხილველთა ჩვენებებისა და მომხდარის შემდეგ ინტერნეტში გავრცელებული წამების ამსახველი კადრების ანალიზის ფონზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები დაკავების დროს აწამეს, ნაწილი კი ძალადობრივად მოკლეს - შემდგომ კი დანაშაული არ გამოძიებულა. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა მე-2 და მე-3 მუხლები როგორც პროცედურული, ისევე სუბსტანციური თვალსაზრისით დაარღვია.
ხუბულურისა და სოფრომაძის შემთხვევაში, სასამართლო ადგენს, რომ ტყვეობისას მათი წამებისა და მკვლელობის ფაქტი არსებული მტკიცებულებებით “გონივრულ ეჭვს მიღმა” დასტურდება.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ანწუხელიძის სიკვდილის “ზუსტი მიზეზი და გარემოებები კვლავ გაურკვეველია”, სასამართლო ვარაუდობს, რომ მას ძალადობრივად მოუსპეს სიცოცხლე, რადგან ბოლოს სამხედრო ტყვეობაში იმყოფებოდა, სეპარატისტები აწამებდნენ და სიკვდილით ემუქრებოდნენ.
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს გარდაცვლილთა ოჯახებისთვის 65 000 ევროს, ხოლო გადარჩენილთათვის - 40 000 ევროს ღირებულების არამატერიალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. თუმცა, ეს ანაზღაურება არ მოიცავს იგივე მიყენებულ ზარალს, რომელიც სხვა საქმის, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ფარგლებში არის გათვალისწინებული.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წელს ევროსაბჭოდან რუსეთის გაგდების მიუხედავად, სასამართლოს საქმეზე იურისდიქცია კვლავ აქვს, რადგან დარღვევები ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში რუსეთის წევრობის შეწყვეტამდე იყო ჩადენილი.
საია: სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოვიგეთ
ცნობისთვის, დაზარალებულების მხარეს სამართლებრივად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდა.




