ავღანეთი

ქაბულის აეროპორტში ჯარის დატოვების შემთხვევაში, თალიბანი თურქეთს შედეგებით ემუქრება

სამშაბათს, 13 ივლისს თალიბანმა თურქეთი გააფრთხილა, რომ მათ მიერ ქაბულის აეროპორტში ჯარის დატოვებას შედეგები მოჰყვება.

"ავღანეთის ისლამური საამირო გმობს ამ უღირს გადაწყვეტილებას. თუკი თურქი ოფიციალური პირები საკუთარ გადაწყვეტილებას არ გადაიფიქრებენ და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას განაგრძობენ, ისლამური საამირო მათ შეებრძოლება". – აცხადებს დაჯგუფება თალიბანი. 

პარალელურად, აშშ-სა და თურქეთს შორის ქაბულის აეროპორტში ჯარის დატოვებასთან დაკავშირებით საუბრები მიმდინარეობს

"მივესალმებით თურქეთის მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანასა და აქ უსაფრთხო გარემოზე მუშაობაში". – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა და დაამატა, რომ ქაბულის აეროპორტთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის შეთანხმებები გრძელდებოდა.

გასულ თვეში თურქეთმა წამოაყენა ქაბულის აეროპორტის დაცვისა და აქ ჯარების დატოვების იდეა.

"აშშ-ს მიერ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილების შემდეგ თურქეთმა გააკეთა შეთავაზება, რომ ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის საუბრები NATO-სთან და აშშ-სთან". – თქვა თურქეთის წარმომადგენელმა 2021 წლის ივნისში.

თალიბანმა ამ იდეაზე კომენტარი მალევე გააკეთა და თურქეთს აშშ-სთან გაფორმებული 2020 წლის თებერვლის ხელშეკრულება შეახსენა.

"თურქეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში [ავღანეთის მისიაში] NATO-ს ძალების ნაწილი იყო, ამიტომაც აშშ-სთან 2020 წლის 29 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, მათ ავღანეთი უნდა დატოვონ". – თქვა თალიბანის სპიკერმა 11 ივნისს.


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან თითქმის 2 თვით ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები