ავღანეთი

თურქეთი: ავღანეთში მხარეებს შორის მოლაპარაკებაში ჩართული ვართ, მათ შორის თალიბანთან

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ავღანეთში მხარეებს შორის მოლაპარაკებაში ჩართულია, მათ შორის თალიბანთანაც. 

"გვინდა  ვთქვათ, რომ მივესალმებით თალიბანის მიერ ამ დრომდე გაკეთებულ გზავნილებს". – თქვა მევლუთ ჩავუშოღლუმ, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული ვიზიტის შემდეგ. 

თურქეთი განაგრძობს ავღანეთის ეკონომიკური განვითარების დახმარებას, დაამატა ჩავუშოღლუმ.

მოვლენებს გამოეხმაურა პრესკონფერენციაზე მყოფი აიმან ალ-საფადი, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. მას აქვს იმედი, რომ ავღანეთში გაერთიანებულ მთავრობას იხილავენ და მოწინააღმდეგეები ქვეყნის სტაბილურობის მექანიზმზე შეთანხმდებიან.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები