დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 რაკეტა ისროლეს, ისრაელმა კონტრშეტევით არ უპასუხა

The Times of Israel

ორშაბათს, 16 აგვისტოს, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 რაკეტა ისროლეს. ეს მაისის 11-დღიანი დაპირისპირების შემდეგ პირველი სარაკეტო თავდასხმა იყო.

ერთი რაკეტა რკინის გუმბათმა უვნებელყო, მეორე კი ღაზის სექტორში ჩამოვარდა.

შემთხვევა ჰამასისა და სხვა პალესტინური დაჯგუფებების რამდენიმეკვირიან მუქარებს მოჰყვა. ისინი ღაზის სექტორში კატარიდან გამოგზავნილი თანხების შეშვებას ითხოვენ.

ისრაელის ნებართვით, ბოლო წლებში კატარიდან ღაზის სექტორში მილიონობით დოლარი ნაღდი ფულით შეჰქონდათ, რათა ჰამასის მმართველობას შესძლებოდა ენერგოსადგურის საწვავის, საჯარო მოხელეებისა და ღარიბი ოჯახებისთვის ფულის გადახდა. 

The Times of Israel-თან ჰამასისა და ისრაელის მოლაპარაკებების საკითხთან ახლოს მყოფმა პირმა თქვა, რომ ისრაელმა ეგვიპტელი შუამავლები გააფრთხილა, რომ ისრაელში კატარის შეუმოწმებელ ნაღდ ფულს ღაზის სექტორში აღარ შეუშვებს. 

ორშაბათს, 16 აგვისტოს ჰამასი, ისლამური ჯიჰადი და სხვა პალესტინური დაჯგუფებები უნდა შეკრებილიყვნენ და განეხილათ, თუ როგორ განაგრძობდნენ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს. შეხვედრა გადაიდო. 

ისრაელს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია, მაშინ, როცა გასულ თვეებში აალებადი ბუშტებით თავდასხმებსაც კი საჰაერო იერიშებით პასუხობდა.

The Times of Israel-ის მიხედვით, ანონიმური წყაროს თქმით, ისრაელმა საპასუხო ცეცხლი იმიტომ არ გახსნა, რომ ჰამასთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. მხარეები შესაძლოა მივიდნენ შეთანხმებამდე, რომლის მიხედვითაც ისრაელი ღაზაში კატარის თანხებს შეუშვებს, ხოლო ჰამასი ებრაელ ტყვეებს გაათავისუფლებს. 

ამავე გამოცემის ცნობით, ცეცხლი ისლამური ჯიჰადის წევრებმა გახსნეს. ჰამასმა ისინი მალე დააკავა და ისრაელს გადასცა, რადგან ისინი ახალი კონფლიქტის ესკალაციაში არ იყვნენ დაინტერესებული.

პრემიერმინისტრი ნაფთალი ბენეტის თქმით, ისრაელი ამ თავდასხმას საკუთარი პირობებით უპასუხებს. მისი თქმით, ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმებში მხოლოდ ჰამასი არის პასუხისმგებელი. 


10 მაისს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ხდებოდა, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა.

დაპირისპირება 11 დღეს გაგრძელდა. მთლიანობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

კონფლიქტი მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. დაპირისპირებამდე გავრცელდა ინფორმაცია, იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიბრუნეს. იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით იგეგმებოდა დროშებით მსვლელობა, რამაც ქალაქის არაბი მოსახლეობის გაღიზიანება გამოწვია და პოლიციასთან დაპირისპირება გაამწვავა.

ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე 21 მაისს ეგვიპტის შუამავლობით შეთანხმდნენ.

15 ივნისს იერუსალიმში ებრაელმა ნაციონალისტებმა დროშის მსვლელობა ჩაატარეს, რომელიც 10 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჰამასის სარაკეტო თავდასხმების გამო ვერ დასრულდა. ებრაელების იერუსალიმში მსვლელობას ღაზის სექტორიდან აალებადი აირით გაბერილი ბუშტების გამოშვება მოჰყვა, რამაც ისრაელში რამდენიმე ხანძარი გააჩინა. ამ თავდასხმებს ისრაელის ახალმა მთავრობამ იერიშით უპასუხა.

კომენტარები