დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ინტერვიუ ისრაელის ელჩთან: ისრაელს სურს, ძალადობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს

დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ინტერვიუ ისრაელის ელჩთან: ისრაელს სურს, ძალადობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს

10 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმა დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" გააუვნებლა. ისრაელმა საპასუხო შეტევა დაიწყო.

ისრაელში თავდასხმებს 7ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღაზის სექტორის მმართველობის წარმომადგენელთა თქმით, სექტორში გარდაცვლილთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, 480 ადამიანი დაშავებულია.

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა ჰამასმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფების ულტიმატუმი არ შეასრულა და იერუსალიმში შეიხ ჯარას რაიონიდან უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. ამ რაიონში პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების მობილიზაციის მიზეზი გახდაპალესტინელთა საპროტესტო აქციები. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება განსაკუთრებით 7 მაისს გამწვავდაპალესტინელები რამდენიმე ოჯახის შესაძლო გასახლებას აპროტესტებდნენ.

შეიხ ჯარ იერუსალიმის ისტორიული რაიონია, სადაც პალესტინელთა ათეულობით ოჯახი ცხოვრობს. ამჟამად რამდენიმე ოჯახი, შესაძლოა, რაიონიდან გაასახლონ. ისრაელის უზენაეს სასამართლოს ოჯახების გასახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ორშაბათს, 10 მაისს უნდა მიეღო, თუმცა დაპირისპირების გამწვავების გამო გადაწყვეტილების მიღება გადადო.

პალესტინელთა ოჯახების გასახლება დაკავშირებულია 1970 წელს მიღებულ კანონთან, რომელზე დაყრდნობითაც ორგანიზაცია ნაჰალ შიმონი დაობს, რომ ამ მიწის მფლობელები 1948 წელს ებრაელთა ოჯახები იყვნენ და, შესაბამისად, საკუთრების ახლნდელი მფლობელები უნდა გასახლდნენ და საკუთრება ისრაელელ ებრაელებს გადაეცეს.

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის კონფლიქტის ესკალაციის შესახებ ტაბულა ისრაელის ელჩს საქართველოში, რან გიდორს ესაუბრა.

მას შემდეგ რაც ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო შეტევა დაიწყო, დაჯგუფების წარმომადგენელმა თქვა, რომ ჰამასმა სარაკეტო თავდასხმა "წმინდა ქალაქის და შეიხ ჯარასა და ალ-აქსას მეჩეთში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის" საპასუხოდ დაიწყო. ჰამასის თავდასხმამდე დაძაბულობა იერუსალიმის არაბ მცხოვრებებსა და პოლიციას შორის რამდენიმე დღის მანძილზე მატულობდა. როგორ გახდა შეიხ ჯარას რაიონიდან რამდენიმე არაბი ოჯახის შესაძლო გასახლება ამ მასშტაბის ესკალაციის საბაბი?

ჰამასი  (რომელსაც აშშ, კანადა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ავსტრალია და დასვლეთის ქვეყნების უმეტესობა ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს) უბრალოდ ელოდა შესაძლებლობას, ძალადობის ახალი ტალღა დაეწყო. ისრაელის მთავრობა უზრუნველყოფდა ასობით და ათასობით მუსლიმი მლოცველის დაშვებას მათ წმინდა ადგილებზე იერუსალიმში და, ამასთანავე, გადაწყვიტა, დაძაბულობის შესამცირებლად ებრაელებისთვის შეეზღუდა მისვლა ტაძრის მთასთან (რომელიც წმინდაა, როგორც მუსლიმების, ასევე ებრაელებისთვისაც).

რაც შეეხება აღმოსავლეთ იერუსალიმის შეიხ ჯარას რაიონში რამდენიმე სახლის საკუთრების უფლებაზე სასამართლო დავას - ის ისრაელის სასამართლოებში რამდენიმე წელ განიხილებოდა და ახლა საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. უფრო მეტიც, ისრაელის მთავრობის მთავარმა იურიდიულმა მრჩეველმა უზენაეს სასამართლოს სთხოვა, გადაწყვეტილების გამოტანა ერთი თვით გადაედო, რათა დაძაბულობა განმუხტულიყო. თუმცა, უშუალო გამომწვევი მიზეზი იყო პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, გაეუქმებინა არჩევნები, რამაც აღაშფოთა ჰამასი და გამოწვია ფრუსტრაცია პალესტინურ საზოგადოებაში. ჰამასმა გადაწყვიტა, განემტკიცებინა თავისი პოზიცია და ეჩვენებინა პალესტინელებისთვის, რომ მას აქვს ნამდვილი ძალაუფლება და ის არის მათი ინტერესების გამოცხადებული დამცველი და არა  -  პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია. შედეგი კი, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვანი ტკივილი და ნგრევა ისრაელის და პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

Times of Israel- მხარეებს შორის მედიაციასთან დაახლოებულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ 11 მაისს ჰამასმა გამოთქვა დაინტერესება დაძაბულობის დეესკალაციაში, მაგრამ აღნიშნა, რომ პასუხის გასცემდა ისრაელს, თუ ის თავდასხმას გააგრძელებდა. დიპლომატმა თქვა, რომ ისრაელს მიმდინარე ძალადობის დასრულებისშემოთავაზებაზე ჯერ პასუხი არ გაუცია. რამდენად მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ისრაელი მედიაციაში ჩაერთვება და მოვლენების როგორი განვითარება უბიძგებს ისრაელს, დაიწყოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ?

იყო ბევრი სხვადასხვა ჭორი და ურთიერთსაწინააღმდეგო ანგარიშები იმის შესახებ, თუ ვინ რა თქვა. თუმცა რამდენიმე ფაქტი უდავოა და ისინი აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ (მათ შორის საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მი  წუხანდე განცხადებაში):

  • ჰამასმა პროვოცირების გარეშე დაიწყო სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე;
  • საერთაშორისო სამართლით ისრაელს აქვს თავდაცვის სრული უფლება;
  • ისრაელისგან განსხვავებით, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, დაარტყას მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს (თუმცა თანმხლები მსხვერპლი ხანდახან გარდაუვალია), ჰამასი განურჩევლად ესხმის თავს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის ცენტრებს, ქცევის ეს პატერნი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ომის დანაშაულად მიიჩნევა

ჰამასმა პროვოცირების გარეშე დაიწყო ომი ყოველგვარი მიზეზისა და გამართლების გარეშე და ახლა ჰამასი ვერ აირჩევს, როდის ან როგორ დაასრულოს ის. ისრაელს სურს, ძალადობის რაც შეიძლება მალე დასრულება რათა ორივე მხარეს მსხვერპლი მინიმალური იყოს. თუმცა, საჭიროა, საკმარისი ზიანი მივაყენოთ ჰამასს, რათა შეიქმნას შეკავების ეფექტიანი მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, თუ ორგანიზაცია ოდესმე კიდევ განიხილავს ისრაელზე თავდასხმას. ამის გათვალისწინებით, ისრალი მესალმება საერთაშორისო მედიაციას და კეთილსინდისერად ჩაერთვება ნებისმიერ ძალისხმევაში დაპირისპირების სწრაფი დასრულებისთვის.

როგორ ფიქრობთ, ხომ არ გამოიწვია ახლახან პალესტინის არჩევნების გადადებამ არაბ საზოგადოებაში დამატებითი ფრუსტრაცია და უბიძგა ჰამასს რადიკალური მოქმედებისკენ?

რა თქმა უნდა, ეს არის რეალური მიზეზი პროვოცირების გარეშე ისრაელზე ჰამასის თავდასხმისა (იხილეთ ჩემი პასუხი პირველ კითხვაზე). 

რა არის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ამჟამინდელი სტრატეგია?

1993 წლის შემდეგ ისრაელის ყველა მთავრობა რჩება პალესტინელებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების ერთგული, იმ იმედით, რომ მიიღწევა ორი ერი - ორი სახელმწიფოს მდგომარეობა: დამოუკიდებელი, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო პალესტინ იარსებებს დაცული ისრაელის სახელმწიფოს გვერდით. თუმცა ათწლეულების მანძილზე ძალადობამ შექმნა თითქმის გადაულახავი ურთიერთუნდობლობა, რამაც, თავის მხრივ, მთლიანი პროცესი ტოქსიკური გახადა. უფრო მეტიც, მოლაპარაკებები კიდევ უფრო გაართულა იმ ფაქტმა, რომ პალესტინელები 15 წელია, ორ მეტოქე ფრაქციასა და ტერიტორიას შორის არიან დაყოფილები: დასავლეთ ნაპირზე პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღაზის სექტორში ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს შორის. ნებისმიერმა სამომავლო სტრატეგიამ მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის იმ კონფლიქტისა, რომელიც საუკუნეზე მეტია, მიმდინარეობს, ყველა ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს.

კომენტარები