დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

IDF: ისრაელის თვითმფრინავებმა ჰამასის ობიექტებს დაარტყეს

14 მაისს ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის თვითმფრინავებმა ღაზის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში ტერორისტული დაჯგუფების, ჰამასის მრავალ ობიექტს და სადამკვირვებლო პოსტს დაარტყეს.

"IDF გააგრძელებს ღაზის სექტორის მასშტაბით ტერორისტების სამიზნეებზე თავდასხმას და ასევე გააგრძელებს ისე მოქმედებას, როგორც საჭიროა". - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში. 

კატარის Al Araby-ის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა  ღაზის სექტორში მიზანში ამოიღეს მაღალი რანგის წარმომადგენელთა სახლები, მათ შორის, ჰამასის სამხედრო ფრთის  მეთაურისა. 

"ისრაელის საჰაერო ძალებმა დაარტყეს ალ-ქასიმის ბრიგადის მეთაურის მოადგილის, მარვან ისას, ასევე მეთაურის, აიმან ნოფალის სახლებს". - თქვეს Al Araby-ზე. ამ დროისთვის, უცნობია, მოკლეს ისინი თუ არა.

ისრაელის ქალაქებზე მუდმივი სარაკეტო შეტევების ფონზე, ისრაელმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა და ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმებით შეუტია ღაზის სექტორის ქვეშ გაყვანილ გვირაბებს, რომლებსაც დაჯგუფება ჰამასი საბრძოლო მიზნებისთვის იყენებს. 

ისრაელის სამხედრო სპიკერის, ლეიტენანტ იონათან კორნიცუსის თქმით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ისრაელის ყველაზე დიდი ოპერაცია კონკრეტული სამიზნის წინააღმდეგ შედგებოდა 160 თვითმფრინავის, ტანკებისა და არტილერიისაგან. 

"ჩვენ მიზანში ამოვიღეთ გვირაბთა სისტემა, რომელიც ღაზის ქვეშაა, ძირითადად ჩრდილოეთში, თუმცა არა მხოლოდ. ეს არის ქსელი, რომელსაც ჰამასის წარმომადგენლები იყენებენ გადასაადგილებლად და დასამალად" - თქვა კორნიცუსმა

Channel 12 news ისრაელის უშიშროების ძალების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ანონიმურად წერს, რომ 13 მაისს ჰამასის მაღალი რანგის 20 წარმომადგენელი მოკლეს და რომ "ჰამასს ასობით დაღუპული ჰყავს". 

გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის სამხრეთ ისრაელში მათ შორის, კირიათ-მალახში, რომლის მიზანში ამოღებასაც აპირებს ჰამასი. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ კამპანიას მეტი დრო დასჭირდება. ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე ჰამასს ძლიერ შემაკავებელი დარტყმა უნდა მიაყენონ. 

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 13 მაისს თქვა, რომ მას ძალადობის დეესკალაცია და სარაკეტო თავდასხმების შემცირება სურს. 

ისრაელის განცხადებით, ამ დრომდე ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 2 000 რაკეტა გაისროლეს. 

ამ დროის მონაცემებით, ღაზის სექტორში დაიღუპა 119 ადამიანი, ისრაელში 8.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ძალები ღაზას უტევენ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს

როგორც გაირკვა, ისრაელის თავდაცვის ძალების Twitter-ზე გამოქვეყნებულმა სიტყვებმა უცხოური მედიები შეცდომაში შეიყვანა. ღაზის სექტორში სახმელეთო შეჭრა არ დაწყებულა. ისრაელის თავდაცვის ძალები გულისხმობდნენ, რომ სახმელეთო დანაყოფები ოპერაციებში სასაზღვრო ხაზიდან არიან ჩართული.

 

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ბოლო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდნენ. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

 

კომენტარები