თვითმმართველობის არჩევნები 2021

ოცნების საარჩევნო შტაბს კობახიძე უხელმძღვანელებს, კამპანიის ლიდერი ღარიბაშვილი იქნება

Mzia Saganelidze (RFE/RL)

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, რაც შეეხება კამპანიის ლიდერს, თბილისში ქალაქის მერი და მერობის კანდიდატი კახი კალაძე იქნება, ხოლო საქართველოს მასშტაბით კი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, სადაც ასევე წარადგინა 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. გენდერული კვოტების მიმღები პარტიის მერობის 64 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ სამია. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული. 19 აპრილს, ევროკავშირის ჩართულობით მიღწეული შეთანხმების შედეგად არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმს წარმოადგენდა, ვინაიდან შეთანხმება მოიცავდა პუნქტს, რომლის მიხედვითაც, თუ მმართველი გუნდი არჩევნებზე 43%-ის მიღებას ვერ შეძლებდა, ის ვალდებული იყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა. 

თუმცა, ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები