შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ბოკერია: სამწუხაროდ, პრეზიდენტ მიშელის რეაგირება კვლავ არ იყო ვითარების ადეკვატური

გოგლიკო ფიფია/ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც ის გამოეხმაურა მისი სახელწოდების შეთანხმების ანულირებას ქართული ოცნების მხრიდან, "ვითარების ადეკვატური" არ იყო. 

თუმცა, როგორც გიგა ბოკერია განმარტავს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ იმოქმედოს ადგილზე და ამ მოქმედებას მოჰყვება ადეკვატური რეაქცია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. 

"სამწუხაროდ, კვლავ არ იყო ვითარების ადეკვატური პრეზიდენტ მიშელის რეაგირება და ეს განცხადება, მაგრამ როდესაც ჩვენი საზოგადოება მისცემს ადეკვატურ რეაქციას ამ რეჟიმს შემდეგი ოქტომბრის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, თავისუფალი სამყარო, ევროკავშირი, შეერთებული შტატები იქნებიან მხარდამჭერები საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის. 

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადგილზე და მერე ამ მოქმედებას დაეწევა ადეკვატური რეაქცია ყველა ჩვენი პარტნიორის და პრეზიდენტ მიშელისაც მათ შორის". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს ლიდერის შეფასებითვე, კარგი და უფრო თანმიმდევრული იქნებოდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება რომ მიეღო, თუმცა, თავისთავად პერსონალურად ნიკა მელიას მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება სწორი საქციელია. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.


ენმ-ს მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

კომენტარები