სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე რუსმა ოლიგარქმა, კონსტანტინ მალოფეევმა, ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგმა და კრემლთან დაახლოებულმა ულტრანაციონალისტმა პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა, და დისკუსიის მონაწილე სხვა წევრებმა რუსეთის მომავლის სამი სავარაუდო სცენარი განიხილეს: ინერციული, კარგი და ცუდი.
ფორუმზე წარდგენილი "ცუდი სცენარი" მოიცავს "2036 წლისთვის დასავლეთთან კონფრონტაციისას რუსეთის მარცხს, NATO-ში უკრაინაში შესვლას, პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების დაკარგვის ტენდენციას, ახალი კონფლიქტების აღმოცენებას (სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში) და "რეგიონული" სუვერენიტეტის შეზღუდული სახით შენარჩუნებას".
ამავე სცენარით, 2050 წლისთვის მოხდება რუსეთის კოლონიზაცია, მსოფლიოში გავლენების სფეროების გადანაწილება, ერთპოლუსიანი "პოსტგლობალისტური მსოფლიოს" ჩამოყალიბება, უკრაინასთან ომში რუსეთის მარცხი, "სუვერენიტეტის სრული განადგურება" და სამხედრო ალიანსების გადაწყობა, რაც "ევროკავშირის საფუძველზე სამხედრო ბლოკის შექმნას" გულისხმობს.

"ინერციული სცენარის" ავტორების მიხედვით, 2036 წლისთვის რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რის შემდეგაც ბირთვული შეკავების ფაქტორის სტატუსი შეიცვლება და ძირი გამოითხრება ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმს.
ავტორების მიხედვით, ამ სცენარის ფარგლებში მცირედი იქნება რუსეთისთვის უკრაინასთან ომში "სწრაფი გამარჯვებისთვის" საჭირო წინაპირობები, რის გამოც კონფლიქტი "გაიყინება და გახანგრძლივდება".
ხოლო 2050 წლისთვის "ინერციული სცენარით" დამყარდება აშშ-ჩინეთის ჰეგემონია, რის ფონზეც დასავლური ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იარსებებს "კატასტროფული ტექნოლოგიური კონტროლი," გაძლიერდება სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, და ჩინეთი აშშ-ს ჩრდილოეთის შტატების, არქტიკის ოკეანისა და ბაიკალის ტბის ტერიტორიების დაპყრობას დაიწყებს, NATO კი "განადგურდება".

რაც შეეხება "კარგ სცენარს", ამაში ავტორები 2036 წლისთვის უკრაინასთან ომში მკაფიო გამარჯვებას მოიაზრებენ, რაც გულისხმობს "კიევის, ოდესის, ხარკოვისა და სხვა რეგიონების ანექსირებას," ასევე "ორპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბებას, რომელშიც რუსეთი ოპოზიციაში იქნება, თუმცა "წამყვან როლს შეასრულებს".
"კარგი სცენარი" ასევე მოიცავს ევროკავშირის დაშლას, "ამერიკაცენტრიზმის კრიზისს," უკრაინის ტერიტორიაზე "სრულად კონტროლირებული ბუფერული სახელმწიფოს შექმნას" ან რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას. ავტორები ასევე კარგ ალტერნატივად უკრაინისნაცვლად ახალი "აღმოსავლური სლავური სახელმწიფოს" ჩამოყალიბებას მოიაზრებენ.
ამავე სცენარით 2050 წლისთვის რუსეთი "გლობალური უსაფრთხოებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის" მხრივ ლიდერი იქნება, მსოფლიოში იარსებებს "სრული მრავალპოლუსიანობა," რუსეთი ჩამოაყალიბებს საკუთარ "მაკრორეგიონს ევრაზიაში" და ამავდროულად დასრულდება "დასავლური ქვეყნების იმპერიალისტური გეგმები".






