შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

აშშ ანულირებაზე: სასარგებლოა მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დემოკრატიას

EU Delegation Georgia

"სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას". - წერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე.

"საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად. დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლობიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

საელჩოს შეფასებით, პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილებით აშშ "ძალზე შეწუხებული და გაბრაზებულია". ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეშფოთება უფრო მეტად ღრმავდება უკან გადადგმული ნაბიჯების გამო და კითხვებს აჩენს ოცნების მიერ დემოკრატიული მიზნების ერთგულების მიმართ. 

28 ივლისის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

შარლ მიშელის მრჩეველმა, იურეკ კუჩკიევიჩმა გუშინ, 28 ივლისს დაწერა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მხარეებთან კონსულტაციას გადის და ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს. 

კომენტარები