ჟურნალისტებზე ძალადობა

გომელაური 5 ივლისზე: გამოძიება შემსრულებლიდან იწყება და შემდეგ უნდა აჰყვე ზევით, წესია

საქართველოს მთავრობა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური 5 ივლისის ძალადობაზე ამბობს, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება. 

"გამოძიება, პირველ რიგში, შემსრულებლიდან იწყება თემა და შემდეგ უნდა აჰყვე ზევით, წესია. დავაკავეთ ეს ადამიანები, კიდევ ვმუშაობთ. 225-ე და 239-ე მუხლებით, რაც საჯარო ძალადობისკენ მოწოდებას გულისხმობს. ამ მუხლებით ჩვენ 18 ადამიანის ჩხრეკა ჩავატარეთ, ამოვიღეთ ძალიან ბევრი მასალა, ტექნიკა, ეს არის დასამუშავებელი. მოვიყვანეთ, დავკითხეთ, კიდევ ვაგრძელებთ. ვმუშაობთ, ძალიან ცოტა დრო გავიდა".- ეუბნება გომელაური რუსთავი 2-ს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, დაბარების მიუხედავად, ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებდა, რამდენიმე საათში გამოუშვეს, გომელაური აცხადებს რომ "შეიძლება 5-ჯერ და 10-ჯერ დაიბარო ადამიანი და, ასევე, ერთხელ დაიბარო და აღარ გამოუშვა". 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. 

ლაშქარავას გარდაცვალების გამო პარლამენტთან რამდენიმე აქცია გაიმართა.  ორგანიზატორები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

16 ივლისს სამართალდამცველებმა პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლიც გაჩხრიკეს. მისი ცოლის ინფორმაციით, პოლიცია დილით ცხრის ნახევარზე შევიდა, ჩხრეკის დასრულების შემდეგ პოლიციამ მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანა.

გაჩხრიკეს ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც.

პუტინისტმა მოძალადეებმა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმავე დღეს დატოვეს. 

კომენტარები