ჟურნალისტებზე ძალადობა

მედია, ძალადობისა და ტოტალური უკანონო მოსმენების სამიზნე – TI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასების ანგარიშს აქვეყნებს, რომელის 2020 წლის 31 ოქტომბრიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში ის ტენდენციები და გამოწვევებია მოყვანილი, რომლის წინაშე დღეს ქართული მედია დგას - ორგანიზაციის შეფასებით, მედიაგარემოს მიმართებით ქვეყენაში მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქრთველოს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში გახდა, განსაკუთრებით, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებითვის. საანგარიშო პერიოდში, TI-ს ინფორმაციით, მედიის წინააღმდეგ  თავდასხმისა და მუქარის ათობით შემთხვევა მოხდა - საჯაროდ გავრცელებული წყაროებზე დაყრდნობით, საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე სულ მცირე 23 მედიის წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, მხოლოდ 2021 წლის 5-6 ივლისს კი ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 

"ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს. მაგალითად, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორები პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ, მიუხედავად არაერთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებისა თუ სახალხო დამცველის მოწოდებისა.

მონიტორინგის  პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ განსხვავებული აზრის გამო ჟურნალისტის გათავისუფლებისა და მედიის ხელმძღვანელობის მიერ ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები. რამდენიმე  ჟურნალისტმა სამსახური საკუთარი მედიის მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო დატოვა". - წერია ანგარიშში. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქართული ოცნების წევრების აგრესიულმა და მუქარის შემცველმა რიტორიკამ ყოველდღიური სახე მიიღო, რაც დამატებით ახალისებს მედიის წინააღმდეგ ძალადობას და ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ და პოლარიზებულ გარემოს. ხელისუფლებამ კრიტიკული მედიის მიმართ მცირე ხნით შეწყვიტა ბოიკოტი, თუმცა მალევე განაახლა ეს რეჟიმი და დღეისათვის მათ პოლიტიკურ გადაცემებში არ მონაწილეობს.

"ქვეყანაში უკანონო მოსმენები გრძელდება, მათ შორის კრიტიკული მედიის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ამას ტოტალური ხასიათი აქვს. საჯაროდ გავრცელდა ფაილები, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარულ მოსმენებს ასახავს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის, ასევე ჟურნალისტებისა და მედია კომპანიების მიერ მოწოდებული მონაცემების შედეგად, მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55-მა ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცია ნამდვილია და მსგავსი შინაარსის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი". - წერს TI. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშში ასევე მოხვდა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით. ანგარიშის მიხედვით, გრძელდება სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ჟურნალისტების მასობრივი უკანონო მოსმენები

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, ქვეყანაში არსებული უკანონო მოსმენების მასობრივი ფაქტებია, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ. 

"2021 წლის 13 სექტემბერს საჯაროდ გავრცელდა ფაილები, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ფარული მოსმენების შინაარსს ასახავს. ფიგურანტებს შორის იყვნენ ჟურნალისტებიც, რომლებმაც საჯაროდ დაადასტურეს, რომ დოკუმენტებში მათი საუბრები არის ასახული. სავარაუდო უკანონო მოსმენები ხორციელდება როგორც მობილური ოპერატორების სერვისის, ასევე სხვადასხვა პოპულარული აპლიკაციის, მათ შორის ფეისბუქ მესენჯერისა და Whatsapp-ის გამოყენებისას. თუმცა, ერთ შემთხვევაში, ჟურნალისტი აცხადებს, რომ ფაილში აღწერილი საუბარი ერთ-ერთი აქტივისტის სახლშია ჩაწერილი. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის, ასევე ჟურნალისტებისა და მედია კომპანიების მიერ მოწოდებული მონაცემების  შედეგად, მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55 ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცია ნამდვილია და მსგავსი შინაარსის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი

საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშეჟურნალისტების ფარულ მიყურადებას "ძალიან შემაშფოთებელი" ფაქტი უწოდა და  ხელისუფლებას გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა. 2 აგვისტოს, მსგავსი ფაილები მთავარმა არხმაც გაასაჯაროვა, სადაც ასევე ფიგურირებდნენ ჟურნალისტები. რადიო თავისუფლების და ფორმულას ჟურნალისტებმა გიორგი მგელაძემ და ნინო გელაშვილმა დაადასტურეს, რომ გასაჯაროებული ანგარიშები მათ საუბარს ასახავს. ომბუდსმენმა ფაქტზე გამოძიების დაწყება და უკანონო მიყურადებაზე პასუხისმგებელ პირთა დასჯა მოითხოვა". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ძალადობის ფაქტები მედიის წინააღმდეგ

TI-ს შეფასებით, საქართველოში ჟურნალისტებისთვის ფიზიკური უსაფრთხოება, მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საშიში გახდა. ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან, რასაც კიდევ უფრო ახალისებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და მომხდარი ძალადობრივი ფაქტების არასათანადო გამოძიება. 

ანგარიშში მოყვანილია 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, ლექსო ლაშქარავას საქმე, ვახო სანაიას საქმე. ორგანიზაციის შეფასებით, ლექსო ლაშქარავას საქმის მიმდინარეობისას სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები და ქმედებები არა რეალური მიზეზის დადგენისკენ იყო მიმართული, არამედ გარდაცვლილი ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ. ასევე, TI-ის შეფასებით, სანაიას საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა - გადაწყვეტილებამ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის წახალისება შეიძლება გამოიწვიოს, რაც მსგავს საქმეებზე ხელისუფლების მხრიდან არაეფექტიანი რეაგირების ფონზე, კიდევ უფრო ამძიმებს წინასაარჩევნო მედიაგარემოს. ანგარიშის მიხედვით, სასჯელის უმთავრესი მიზანი ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენაა, სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი კი ვერ პასუხობს ამ მიზნებს, ქმნის დაუსჯელობის განცდას და კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩამოთვლილია ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები - მათივე შეგასებით, ამას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და საქმეების არასათანადო გამოძიება უწყობს ხელს.

28 სექტემბერს მთავარი არხის ოპერატორს და ჟურნალისტს, ემა გოგოხიას ქართული ოცნების მხარდამჭერებმა გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

19 სექტემბერს ტვ 12-ის გადამღებ ჯგუფს არ მისცეს მუშაობის საშუალება და ჟურნალისტს, ხვიჩა მამულაძეს ადგილი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

15 სექტემბერს მთავარი არხის ოპერატორმა ლევან აბლოთიამ ქართული ოცნების ქარელის ოფისში მრავლობითი დაზიანება მიიღო. მისი თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ოფისში მყოფი ადამიანების მხრიდან განხორციელებული დაპირისპირების შედეგად  კიბიდან გადმოვარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს.

7 სექტემბერს, სამუშაო პროცესში ჟურნალისტებს მანქანა დააჯახეს, რა დროსაც ტვ პირველის ოპერატორმა ფეხის არეში ტრავმა მიიღო და ტექნიკა დაზიანდა. პროკურატურამ საჭესთან მყოფ პირს ბრალი ძალადობის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო წაუყენა.

26 აგვისტოს რადიო ძველი ქალაქის და მეგა ტვ-ის ჟურნალისტებს ქუთაისის მერიის თანამშრომელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სიუჟეტი სავარაუდო უკანონო მშენებლობის საქმეს ეხებოდა.

3 ივლისს, ფონიჭალაში გადაღებისას ტვ პირველის ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ქვები დაუშინეს. 30 ივნისს კი ტელევიზიის ჟურნალისტებს თავს წალკაში დაესხნენ, სადაც ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური ზიანი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებული მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, დაკავებულია პირი, რომელმაც 25 მაისს თბილისში მიმდინარე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მედიაჰოლდინგ ჯორჯიან თაიმსის თანადამფუძნებლის წინააღმდეგ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც მან სახის არეში დაზიანება მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, 17 მაისს მათ გადამღებ ჯგუფს დმანისში განვითარებული დაპირისპირების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაუწყებელმა ყველა შესაბამის უწყებას მიმართა,  დამნაშავეების იდენტიფიცირება და კანონის შესაბამისად მათი დასჯა მოითხოვა.

5 მაისს სოფელ უდაბნოში დაემუქრნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია ფორმულას წარმომადგენლებსაც.

ტელეკომპანია ფორმულას განცხადებით, 9 აპრილს, ორ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ღამის სამ საათზე, კომენდანტის საათის დროს დააზიანეს ტელევიზიის მძღოლის ავტომობილი, რომელზეც მაუწყებლის ლოგო იყო განთავსებული. ჩამსხვრეულია მანქანის მინები, თუმცა ავტომობილიდან ნივთები არ არის მოპარული. მეორე ინციდენტის შემთხვევაში კი ნაცემია ასევე ფორმულას მძღოლი, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მომხდარი ტელევიზიაში მათ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას დაუკავშირეს.

ქუთაისი თუდეის რედაქტორის ბუბა ჩივაძის განცხადებით, 5 აპრილს მერიის დაცვის თანამშრომლებმა მას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს, შემდგომ კი პოლიციამ იძულების წესით მერიიდან გაიყვანა.

რადიო მარნეულის ჟურნალისტს, ვლადიმერ ჩხიტუნიძეს, გაფიცული მუშების აქციის გაშუქებისას, ტელეფონი წაართვეს და ვიდეო გადაღება აუკრძალეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევა 3 მარტს მოხდა.

16 თებერვალს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ მედიაჰოლდინგ კვირას გადამღებ ჯგუფს. დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით.

16 იანვარს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას, სამართალდამცველებმა, on.ge-ს ჟურნალისტს, ხატია ღოღობერიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს

2020 წლის 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან პოლიციის მიერ აქციის დაშლისას უხეშად დაირღვა მედიის წარმომადგენლების უფლებები, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.

აგრესიული რიტორიკა, მუქარა და შეურაცხყოფა

TI-ს ანგარიშის მიხედვით, აგრესიული რიტორიკა, მუქარა და შეურაცხყოფა ჟურნალისტების მიმართ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რაც აღრმავებს არსებულ პოლარიზაციას და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. 

ანგარიშში მოხვდა ქართული ოცნების წევრების მიერ გაკეთებული შემდეგი განცხადებები:

ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ აგრესიული რიტორიკა კიდევ უფრო გაძლიერდა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს ოპოზიციური მედია ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა. 23 ივლისს, ირაკლი ღარიბაშვილმა ფორმულას ჟურნალისტს მედიაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების დასჯისა და ხელისუფლების მიერ პასუხისმგებლობის აღების საკითხზე პასუხის გაცემისას "პარტიული აქტივისტი" და "მოძალადე" უწოდა. 17 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე მოვლენებსა და ჟურნალისტების პროტესტზე საუბრისას განაცხადა, რომ ამორალურია კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამის უკან სააკაშვილი და მისი გუნდი დგას.

23 ივლისს, ვიცე-პრემიერმა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას, კითხვის დასმისას მიკროფონი წაართვა და ამ კვლევის გამოქვეყნების მომენტამდე არ დაუბრუნებია. პროკურატურა კი არ აკეთებს ოფიციალურ განმარტებას დაიწყო თუ არა გამოძიება.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 14 სექტემბერს მთავარი არხის დირექტორს და კრიტიკულად განწყობილ ტელეწამყვანებს "გარყვნილები" უწოდა. 15 ივლისს, ირაკლი კობახიძემ ტვ პირველში, მთავარ არხსა და ფორმულაში შავი ფულის არსებობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული  ფაქტი გამოსაძიებელია.

27 მაისს, ფაქტჩეკის ჟურნალისტმა ნაზი რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ხულოს საკრებულოს  წევრმა ქართული ოცნებიდან, ნუგზარ სოლომონიძემ მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა. მმართველი პარტიის წევრი ჟურნალისტს მას შემდეგ დაემუქრა, რაც რეხვიაშვილმა საკუთარ სოციალურ გვერდზე კრიტიკული წარწერით ადგილობრივი მაუწყებლის ვიდეო გაავრცელა, სადაც ნუგზარ სოლომონიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ მოიხსენიებს.

6 მარტს მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი, ემა გოგოხია მესტიაში იმყოფებოდა და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევასთან დაკავშირებით სიუჟეტს ამზადებდა კვლევაში სახელმწიფო პროგრამიდან თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების, მათ შორის, მესტიის მერის დის კუთვნილი სასტუმროს სუბსიდირებასა და შესაძლო კორუფციულ ფაქტებზეა საუბარი. მესტიაში ყოფნის დროს, ჟურნალისტის ინფორმაციით, ტელეფონით დაუკავშირდა მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, რომელიც დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით კი, გადამღებ ჯგუფს მანქანის საბურავები დაზიანებული დახვდა. ჟურნალისტის მიმართ მუქარისა და ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

25 თებერვალს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა "შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი" უწოდა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ "არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა".

16 თებერვალს ქართული ოცნების ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ "განსაკუთრებით ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას რაღაც კონსპირაციული, დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვართ ყოველდღიურად". იგივე ვოლსკი შეურაცხყოფას აყენებს ტვ პირველის ჟურნალისტებს და მათ ზონდერებს უწოდებს.

ნეგატიური კამპანიის წახალისებას ემსახურებოდა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მხრიდან კრიტიკული ტელევიზიის, ტელეკომპანია მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პირადი მობილური ნომრისკანოსაწინააღმდეგო გასაჯაროება. 2021 წლის 2 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილური ნომერი საჯაროდ გამოაცხადა, რის შემდეგაც, გვარამიას თქმით, მასთან ბევრი უცნობი ზარი შევიდა. იმავე დღეს, ქართული ოცნების დეპუტატმა, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და რეგიონალურმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ ნიკა გვარამიაზე ჰომოფობიური სტატუსი გამოაქვეყნა. 

სამწუხარო სახე მიიღო მედიის წარმომადგენლებისათვის გადაადგილების თუ ცალკეული უწყებების შენობებში შესვლის დაუსაბუთებელმა შეზღუდვამ, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ან შეუძლებელს ხდის პროფესიული საქმიანობის შესრულებას. 9 თებერვალს მთავარი არხის ჟურნალისტი მარიამ გეგუჩაძე პარლამენტში არ შეუშვეს. 24 მარტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე, მედიის წარმომადგენლების ნაწილი, მათ შორის, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და რადიო თავისუფლების ოპერატორი არ დაუშვეს. 11 აპრილს კი მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმდინარე საპროცესო აქციის გასაშუქებლად ნამახვანში შესვლის და მუშაობის უფლება არ მისცეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, ხელისუფლების უმოქმედობითა თუ აგრესიული რიტორიკის მაგალითებით წახალისებული მოქალაქეები საჯარო სივრცეში ღიად ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს.  

ანგარიშში მოხვდა შემდეგი შემთხვევები:

17 ივლისს მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები ალტინფოს ფეისბუკ არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

27 ივლისს, ინტერვიუს ჩაწერისას მთავარი არხის ჟურნალისტს კორპუსიდან თავზე წყალი გადმოასხეს. 28 აგვისტოს, სამების ტაძრის ეზოში პირველი არხის ტექნიკა დააზიანეს.

ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა რუსეთთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ სკანდალში სამღვდელოება დაიცვა და 7 ივნისს განაცხადა, რომ ის ჟურნალისტები  და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები უნდა დაისაჯონ, ვინც ქართულ "ტრადიციებს შეურაცხყოფენ".

9 აპრილს მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ აქცია-მსვლელობა მოაწყო. აღნიშნული ღონისძიების მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოირჩეოდნენ. 

11 მარტს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ლევან მამალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია ტვ პირველის ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავდნენ. ნოდარ მელაძის შეფასებით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის მხრიდან შემთხვევით არ ხდება და ის აჩენს განცდას, რომ თავად ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო შურისძიებისთვის ნიადაგის მომზადება ხდება, რათა, შემდეგ, შესაძლო დანაშაული სხვას დააბრალოს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გამოძიება.

6 მარტს ტელეკომპანია პირველზე გავიდა ფარული ჩანაწერები, რომელიც ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას და მოქმედი მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულს შეეხება. გადაცემის წამყვანის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ტვ პირველის მიერ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, გამომძიებელ ჟურნალისტებს საჯაროდ ემუქრებიან: "ამ ერთი კვირის განმავლობაში მივიღეთ მუქარები ჩვენი ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ერთ -ერთი ხელმძღვანელის მხრიდან".

გასული წლის 12 დეკემბერს მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ.

სასულიერო პირების აგრესია და ძალადობა ჟურნალისტების მიმართ

TI-ს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტების მიმართ აგრესიის წახალისებაში მონაწილეობენ ასევე ცალკეული სასულიერო პირებიც:

აი ფაქტმა 5 ივლისის ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე 26 მღვდელმსახური ამოიცნო, რომელთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც შეკრებილებს აქეზებდნენ და ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სახალხო დამცველმა ამ შემთხვევაშიც მიმართა პროკურატურას, რომ დაეწყო სისხლის სამართლებრივი დევნა დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ ცქიფურიშვილს ბრალი წაუყენონ მანამდე საპატრიარქომ განმარტა, რომ მღვდელმა, რომელმაც აქციაზე ძალადობრივი მოწოდებები გააკეთა "სასტიკი საყვედური" მიიღო. 

22 ივლისს საპატრიარქომ მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა. მან მთავარი არხის, ტვ პირველისა და ფორმულას ჟურნალისტებს დისკრედიტაციაში დასდო ბრალი და მოუწოდა სასულიერო პირებს, სურვილის შემთხვევაში შეეწყვიტათ მათთან კომუნიკაცია.

2021 წლის 28 აგვისტოს ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ფორმულას ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა. ფორმულას ინფორმაციით, ის მონასტერთან უკანონო მშენებლობას იღებდა.

7 მაისს ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

4 მაისს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სასულიერო პირები, მათ შორის, თავს დაესხნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა დაუზიანეს ტელეკომპანია მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს. მოგვიანებით, ინციდენტის ადგილის დატოვების შემდეგ, სოფელ უდაბნოში მათ დაუპირისპირდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული აგრესიის ობიექტები გახდნენ. ჟურნალისტებს ძალადობის, მუქარის და ხელშეშლის ფონზე უწევდათ მოვლენების გაშუქება. 8 მარტს, მხარეებს შორის დაპირისპირების გაშუქებისას 10-მდე პირი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლის აივნიდან ჩაცვივდნენ და დაშავდნენ.

ხელისუფლების ბოიკოტი კრიტიკული ტელევიზიების მიმართ

ანგარიშში მოხვდა ხელისუფლების ბოიკოტი კრიტიკული ტელევიზიების მიმართ - ისინი პროტესტის ნიშნად კრიტიკული მედიის ეთერში და კონკრეტულ გადაცემებში მისვლაზე თვეების განმავლობაში უარს ამბობდნენ. 

"ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ამით პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი ეშლებოდათ. პირველ ივნისს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გარკვეული ფორმატით მთავარისა და ტვ პირველის ეთერებში მონაწილეობაზე უარს აღარ იტყოდნენ, თუმცა ბოიკოტის რეჟიმში დარჩნენ ტელეკომპანია ფორმულასთან. 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი, ჟურნალისტების საპროტესტო მოთხოვნების შემდეგ, რომ მომხდარიყო მედიაზე თავდასხმისა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სათანადო გამოძიება, ხელისუფლებამ განაახლა ბოიკოტი კრიტიკულ მედიებთან, რაც წინასაარჩევნო პერიოდშიც გააგრძელა.

პრემიერ-მინისტრმა 17 ივლისს, მთავარი არხის, ტვ პირველის და ფორმულას ჟურნალისტები მისი მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე არ მიიწვია, ისინი დისკრედიტაციაში და "ყველანაირი წითელი ხაზის გადაკვეთაში" დაადანაშაულა". - ვკითხულობთ ანგარიშში.

დეზინფორმაციული კამპანია ჟურნალისტების წინააღმდეგ

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, ონლაინ სივრცეში ჟურნალისტების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია გრძელდება და მსგავსი გვერდები განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში  გააქტიურდა. 

"მათი ნაწილი ჟურნალისტებთან ერთად ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევა, თუმცა არის კონკრეტული ფეისბუქ გვერდები, რომლებიც სპეციალურად ჟურნალისტების წინააღმდეგ არის შექმნილი. ისინი სხვადასხვა შარჟებით თუ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ორგანიზებულად მოქმედებენ. ამ ანონიმური კამპანიების პერსონალური თავდასხმის ობიექტები არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ ცალკეული მედიასაშუალებები და ტელეკომპანიის ხელმძღვანელებიც არიან.

აღსანიშნავია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მისი დისკრედიტაცია, ხელისუფლებასთან ორკესტრირებულად, სოციალურ მედიაში სხვადასხვა გვერდებზე მისი პირადი ინფორმაციის ან მის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ხდებოდა. 18 სექტემბერს ადგილობრივი არჩევნების წინ დედაქალაქსა და შემდეგ სხვა ქალაქებში კვლავ გამოჩნდა სიძულვილის ენის შემცველი ბანერები სლოგანით "არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!", რომელზეც ოპოზიციური პარტიების ცალკეულ ლიდერებთან  ერთად კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, კერძოდ მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია და ტვ პირველის მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე არიან გამოსახული. ბანერს ფონად სისხლის ლაქები აქვს". - წერია ანგარიშში.

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას საქმე, რომელმაც საპატიმრო 27 აპრილს დატოვა - TI აღნიშნავს, რომ საქმე სხვადასხვა დამოუკიდებელმა მხარემ პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა. 

"გრძელდება მთავარი არხის დირექტორისა და თანადამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის სასამართლო განხილვა. სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის შეფასებით, არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი და არ არსებობს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.

2019 წელს  უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა ტელეკომპანია ტვ პირველის დამფუძნებლის მამას - ავთანდილ წერეთელს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იზიარებენ ტელევიზიის მფლობელის, ვახტანგ წერეთლისა და ჟურნალისტების შეშფოთებას, რომ მიმდინარე გამოძიება კრიტიკული აზრის გამოხატვის შეზღუდვისაკენ არის მიმართული. ავთანდილ წერეთლის ბრალდება დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ შეფასდა, რომლის დასკვნაშიც ბრალდების უსაფუძვლობაზე მნიშვნელოვანი არგუმენტები არის მოყვანილი.

7 სექტემბერს, წინასაარჩევნოდ, ტელეკომპანია ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის მიმართ უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეს მოსამართლე შალვა თადუმაძე განიხილავდა - ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი და ყოფილი გენერალური პროკურორი. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი 2017 წელს გამოიტანა, რაც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ამ დროს გენერალური პროკურორი სწორედ თადუმაძე იყო. ტელეკომპანიის წარმომადგენლები საქმის წარმოების განახლებას ტელევიზიის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებენ". - წერია ანგარიშში. 

წყაროს იდენტიფიცირების მცდელობა

TI-ს ინფორმაციით, ხელისუფლება განაგრძობს  ჟურნალისტების წყაროს იდენტიფიცირების მცდელობებს -  6 მარტს ტელეკომპანია პირველის ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გავიდა ფარული ჩანაწერები, რომელიც მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულს შეეხებოდა, 9 მარტს კი პროკურატურამ სასამართლოს  კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული მასალის ამოღების უფლების მისაღებად მიმართა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ,ხოლო სააპელაციო ინსტანციამ განჩინება უცვლელი დატოვა, რამაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ  წყაროს კონფიდენციალურობის გარანტიებს.

ჟურნალისტების პროტესტი საკუთარი მედიის წინააღმდეგ

ანგარიშში ასევე მოხვდა შემთხვევეი, როდესაც ჟურნალისტებმა საკუთარი მედიის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს - ანგარიშში ასეთი შემდეგი შემთხვევები არის მოყვანილი:

2021 წლის აგვისტოში ტელეკომპანია რუსთავი 2 დატოვეს გურამ როგავამ და თეონა ცხომელიძემ, მათ მთავარ მიზეზად არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება დაასახელეს.

11 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს წამყვანი ირაკლი აბსანძე. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მისი გათავისუფლების მიზეზი შესაძლოა ჟურნალისტის  მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები და ქმედებები ყოფილიყო.

16 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტ ანა ცხოვრებოვას განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაუდგინა. საქმე ჟურნალისტის წამყვანის ფუნქციებიდან ჩამოშორებას შეეხებოდა, რაც ცხოვრებოვას განსხვავებული მოსაზრების გამო მოხდა.

2021 წლის ივლისში პროსახელისუფლებო ტელეკომპანია მაესტროს აღმასრულებელმა დირექტორმა ვაკო ავალიანმა თანამდებობა დატოვა. მიზეზად არხზე დაწყებული სარედაქციო ცვლილებების მიუღებლობა დაასახელა. ვაკო ავალიანი მალე რუსთავი 2-ის და პრაიმ ტაიმის მიერ 2021 წლის მარტში შექმნილი ჰოლდინგის ერთ-ერთი დირექტორი გახდა.

20 მაისს ტელეკომპანია იმედის ბიზნესქრონიკისა და ბიზნესი იმედზე გადაცემების ავტორმა და წამყვანმა ირაკლი წულაიამ თქვა, რომ მას ბიზნესგადაცემები დაუხურეს და 25 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს. წულაია აღნიშნავდა, რომ მისი ოჯახის წევრების მიმართ დაშინებები მიმდინარეობდა. ის ქვეყნიდან წასვლასაც არ გამორიცხავდა. ჟურნალისტი გადაცემების დახურვას ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის  განცხადებაზე მის გამოხმაურებას უკავშირებდა, რასაც, მისი თქმით,  მმართველი პარტიის ლიდერების მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის უკმაყოფილება მოყვა. ირაკლი წულაიამ ასევე თქვა, რომ ტელეკომპანია იმედის დირექტორმა ნიკა ლალიაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადების წაშლა სთხოვა, რადგან ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ.

კომენტარები