ჟურნალისტებზე ძალადობა

მედიის პოგრომი – მედიაკოალიციამ 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. კოალიცია მედიაზე მასშტაბურ თავდასხმას სხვადასხვა ჭრილში აფასებს, დოკუმენტში გაანალიზებულია მედიაზე ძალადობის წინაპირობები და სამართლებრივი ასპექტები.

ანგარიშში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა. ასევე, განხილულია 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა, პროცესში სასულიერო პირების ჩართულობა და საერთაშორისო გამოხმაურებები. 

მედიაკოალიციის ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

საქართველოს პარლამენტი:

  • საქართველოს პარლამენტმა დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, რათა შეფასდეს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯები;
  • საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეწყიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ და მკაფიოდ, არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები თუ ქმედებები;
  • საქართველოს პარლამენტის წევრებმა ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეუხებლობას.

საქართველოს მთავრობა:

  • საქართველოს მთავრობის წევრებმა შეწყიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
  • საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტი და უზრუნველყოს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;
  • მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ გაემიჯნონ ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას;
  • საქართველოს მთავრობამ მიიღოს ზომები მედიის წარმომადგენლებისათვის კანონით გარანტირებული უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

  • დროულად ჩაატაროს ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება მედიის წარმომადგენლების დაზიანების ფაქტებზე და უზრუნველყოს დანაშაულის
  • ორგანიზატორთა და შემსრულებელ პირთა გამოვლენა;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
  • 5 ივლისის მასშტაბური ძალადობის გათვალისწინებით, სამართალდამცავი უწყებისათვის შექმნას სპეციალური ინსტრუქცია მედიის უსაფრთხოების დაცვის შესახებ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა:

  • დროულად ჩაატაროს ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება მედიის წარმომადგენლების დაზიანების ფაქტებზე. პროკურატურამ უზრუნველყოს
  • დანაშაულის ორგანიზატორთა გამოვლენა. მათ შორის, ძალადობრივი ქმედებებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებთან დაკავშირებით;
  • ჩაატაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძალადობის აღმკვეთი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოძიება, და
  • შეისწავლოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

"მედიაზე ძალადობის შეჩერებისა და პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასამართლომ საქმეთა განხილვა წარმართოს დროულად, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, შეისწავლოს თავდამსხმელების მოტივაცია და თითოეულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტოს, როგორ ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში მედიის უსაფრთხოების დაცვა.

ასევე, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა გააგრძელოს 5 და 6 ივლისის ძალადობრივი ფაქტების გამოძიების პროცესზე დაკვირვება და ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით". – ნათქვამია მედიაკოალიციის ანგარიშში.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები.  სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყაTV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. 

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა".  პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები