კრიპტოვალუტა

ილონ მასკი: მეც, TESLA-ც და SPACEX-იც ვფლობთ ბიტკოინს და მის გაყიდვას არ ვაპირებთ

ილონ მასკი
ფოტო: Bitcoin.com

The B Word კონფერენციაზე, სადაც იმყოფებოდნენ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დროსი და ARK Invest-ის ხელმძღვანელი ქეით ვუდი, საუბარი მიმდინარეობდა კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის შესახებ. 

მასკმა თქვა, რომ თავად ის, კომპანია Telsa და SpaceX-ი ფლობენ მნიშვნელოვანი რაოდენობის ბიტკოინს და, ფასების ცვლილების მიუხედავად, მის გაყიდვას არ აპირებენ. 

"მე ბიტკოინის წარმატების ხილვა მსურს და მჯერა, რომ კრიპტოტექნოლოგია პოზიტიურ გავლენას იქონიებს კაცობრიობის მომავალზე". – თქვა მასკმა. 

გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ ის სხვა კრიპტოვალუტასაც ფლობს, კერძოდ, ეთერიუმს და ე.წ. მიმკოინს, Dogecoin-ს. 

ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ბტიკოინის ფასი 6%-ით, 32 000 დოლარამდე, ხოლო ეთერიუმის 8%-ით გაიზარდა. 

კონფერენციაზე ასევე განიხილეს კრიპტოვალუტის მაინინგის მაღალი ენერგომოხმარებისა და გარემოსდაცვითი არგუმენტები, რაზეც დორსი და მასკი თანხმდებიან, რომ კრიპტოვალუტა მომავალში ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის განვითარებას და ინოვაციას. 

2021 წლის მაისში Tesla-მ ანგარიშსწორების საშუალებად ბიტკოინის მიღება შეწყვიტა, რის მიზეზადაც მაღალი ენერგომოხმარება და ჩინეთში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე გაზრდილი მოთხოვნა დასახელდა. 

"მრავალ დონეზე კრიპტოვალუტა კარგი იდეაა და ჩვენ გვჯერა, რომ მას პერსპექტიული მომავალი აქვს, თუმცა ეს გარემოს დაზიანების ხარჯზე არ უნდა მოხდეს". – ეწერა Tesla-ს განცხადებაში. 

თუმცა, რამდენიმე თვეში გლობალურ მაინინგინდუსტრიაში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, რადგან ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით მაინინგი საბოლოოდ აკრძალა და ჩინეთის უმსხვილესი მაინინგცენტრები, რომლებიც გლობალური ჰაშრეიტის 60%-ზე მეტს აკონტროლებდნენ, ქვეყნიდან გააძევა. 

ექსპერტების შეფასებით, ჩინეთიდან გაძევება პოზიტიური მოვლენაა, რომელიც დადებითად აისახება მაინინგინდუსტრიაზე.

უკანასკნელ ორ თვეში მსოფლიოს მასშტაბით ასამდე ახალი მაინინგცენტრი გაიხსნა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი განახლებად ენერგიის წყაროებზე მუშაობს

მასკის თქმით, დიდი ალბათობით, Tesla ისევ განაგრძობს ბიტკოინის ანგარიშსწორების საშუალებად მიღებას, რადგან მაინინგში განახლებადი ენერგიის წილი ყოველდღიურად იზრდება. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ის ატომური, ჰიდრო- და გეოთერმული ენერგიის მხარდამჭერია და მიიჩნევს, რომ თანამედროვე ატომური ელექტროსადგურები ენერგიის ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო წყაროებია. 

ამჟამინდელი მონაცემებით, კომპანია Tesla მინიმუმ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინს ფლობს, თავად მასკისა და SpaceX-ის მფლობელობაში არსებული კრიპტოვალუტის ღირებულება კი უცნობია. 


მას შემდეგ, რაც სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა, ქვეყნის პრეზიდენტმა, ნაიიბ ბუკელემ თქვა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის სალვადორში არსებულ გეოთერმულ ელექტროსადგურს გამოიყენებენ, რომელიც ენერგიას ვულკანიდან გამოიმუშავებს. 

ვულკანური გეოთერმული ენერგია ითვლება ენერგიის სუფთა და განახლებად წყაროდ, რომელიც გარემოს არ აბინძურებს. 

ეს ნაბიჯი პირდაპირ ეხმიანება გარემოსდაცვით არგუმენტს, რომლის მიხედვით, კრიპტოვალუტის მაინინგი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო ამ ენერგიის წყარო ხშირად არაგანახლებად ენერგიაზე მომუშავე თბოელექტროსადგურებია, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. 

ექსპერტების განმარტებით, კრიპტოვალუტის მაინინგში დახარჯული ენერგია გაფლანგული სულაც არ არის, რადგან ის კრიპტოგრაფიულად დაცული მონეტარული სისტემის ფუნქციონირებისთვის გამოიყენება.

პრობლემა მაინინგში კი არა, არამედ ელექტროსადგურებშია და სახელმწიფოებმა ეს გამოწვევა უნდა მოაგვარონ არა კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვით, არამედ ენერგიის სუფთა და განახლებად წყაროებზე გადართვით, ისეთებზე, როგორებიცაა: ჰიდრო-, ატომური, მზის, ქარის, გეოთერმული, მათ შორის ვულკანური, წყაროები.


ჩინეთის მთავრობის პოლიტიკა კრიპტოვალუტისა და მაინინგინდუსტრიის მიმართ ყოველწლიურად მკაცრდება, 2021 წლის მაისში შემოღებული ახალი რეგულაციების გამო, მაინერების მნიშვნელოვან ნაწილს ჩინეთის დატოვება უწევს. 

მთავრობის მიერ მაინინგცენტრების წინასწარი გაფრთხილების გარეშე დახურვა და ძვირად ღირებული კომპიუტერული მოწყობილობების კონფისკაცია ჩინეთში რეალურ პრობლემას წარმოადგენს.

კომუნისტური მთავრობისაგან თავდაცვის საშუალებად კი კანონის უზენაესობა და სასამართლო მაინერებისათვის ხელმისაწვდომი არ არის.

ექსპერტების ნაწილის აზრით, ჩინეთის მკაცრი დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ საკუთარი ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის [CBDC] შექმნის სურვილითაა გამოწვეული, რომელიც კომუნისტურ მთავრობას მოსახლეობის თვალთვალისა და კონტროლის ახალ შესაძლებლობებს მისცემს. 

სავარაუდოდ, მაინერებისთვის ყველაზე მიმზიდველ ლოკაციად აშშ-ს რამდენიმე შტატი, კერძოდ, ტეხასი, ფლორიდა, ოჰაიო, ვაიომინგი და კოლორადო იქცევა. 

ტეხასის შტატის გუბერნატორს, გრეგ აბოტს არაერთხელ უთქვამს, რომ ის კრიპტოვალუტის მხარდამჭერია და ყველანაირად ხელს შეუწყობს ტეხასში კრიპტოვალუტის მაინინგისა და მოხმარების ხელშეწყობას. 

ამ შტატებში მიღებულია რამდენიმე კანონი, რომლებიც კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზაციას უწყობს ხელს და პოტენციური ინვესტორებისათვის მიმზიდველ სამართლებრივ გარემოს ქმნის. 

ტეხასში მსხვილი მაინინგცენტრების აშენებას გეგმავენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Bitmain, Blockcap, Argo Blockchain, BIT, Layer1 და Compute North. 

"მომდევნო თვეების განმავლობაში მაინინგინდუსტრიაში დრამატულ ცვლილებებს ვიხილავთ". –  თქვა Gemini-ს წარმომადგენელმა, ბრენდონ არვანაღიმ. 

კრიპტოვალუტას მხარს უჭერს მაიამის მერი, ფრანცის სუარესიც, მისი თქმით, მაიამი ბიტკოინის დედაქალაქი უნდა გახდეს.

კომენტარები