კრიპტოვალუტა

ღმერთმა მომიწოდა – აშშ-ში პასტორმა კრიპტოთაღლითობით მიმდევრებისგან $1.3 მილიონი მიითვისა

პასტორი ილაი რიგალადო აშშ-ში კოლორადოს შტატიდან
INDXcoin

ამერიკელ პასტორს ილაი რიგალადოსა და მის ცოლს კეიტლინს კრიპტოვალუტის თაღლითური სქემით მიმდევრებისგან $1.3 მილიონის მითვისებაში საქალაქო სასამართლოში უჩივიან.

კოლორადოელი პასტორის თქმით, თვეების განმავლობაში ლოცვისა და ღმერთისგან მინიშნებების მიღების შემდეგ, კრიპტოვალუტის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან 2023 წლის აპრილში Youtube-ზე ისაუბრა.

მალევე, რიგალადომ, ცოლთან ერთად, ახალი კრიპტოვალუტა INDXcoin გამოუშვა, რომლის გაყიდვაც Victorious Grace-ის ეკლესიის წევრებსა და სხვა ქრისტიან მიმდევრებზე დაიწყეს. კრიპტოვალუტის გაყიდვა რიგალადოს მიერ შექმნილ და მისი მართვის ქვეშ მყოფ Kingdom Wealth Exchange-ის ონლაინ კრიპტოვალუტის ბაზარზე ხდებოდა.

კოლორადოს ფასიანი ქაღალდების კომისარმა თუნგ ჩანგმა საქალაქო სარჩელში განაცხადა, რომ ცოლ-ქმარმა თაღლითური სქემით 300 ინვესტორისგან $3.2 მილიონი გამოიმუშავა. ინვესტორების დარწმუნებას ისინი ბიბლიიდან ციტატებითა და ლოცვით ახერხებდნენ, და მიმდევრებს ინვესტიციაში რწმენის ქონისკენ მოუწოდებდნენ. სარჩელის მიხედვით, ილაი რიგალადო მიმდევრებს არწმუნებდა, რომ მისი კრიპტოვალუტა "სიუხვესა" და "წყალობას" მოიტანდა.

კოლორადოს შტატის რეგულატორების თქმით, ცოლ-ქმრის კრიპტოვალუტა INDXcoin "არსებითად უფასური" იყო. შტატის მტკიცებით, INDXcoin აქტივებით არ იყო გამაგრებული. თუმცა, პასტორი კრიპტოვალუტის ღირებულებაში ინვესტორების დარწმუნებას ახერხებდა. იგი ინვესტორებს არწმუნებდა, რომ კრიპტოვალუტის თითოეული მონეტის ღირებულება $10-$12 იყო, მაშინ, როცა ისინი სინამდვილეში $1.50-ად იყიდებოდა.

"რიგალადომ ქრისტიანი საზოგადოების მისდამი რწმენა და ნდობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა". - განაცხადა კომისარმა ჩანგმა.

ბრალდების მიხედვით, $1.3 მილიონით ცოლ-ქმარმა ძვირადღირებული ნივთები, მათ შორის Range Rover-ი, ძვირფასეულობა, და ექსტრავაგანტურ ადგილებში არდადეგები დაიფინანსეს.

სოციალურ მედიაში 19 იანვარს ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ილაი რიგალადო არ უარყოფს, რომ კრიპტოთაღლითობიდან მოგება ნახა. "ბრალდებები ასეთია, რომ კეიტლინმა და მე $1.3 მილიონი მივითვისეთ, და მინდა, გამოვიდე და ვთქვა, რომ ეს ბრალდებები სიმართლეა". -  ამბობს რიგალადო.

ვიდეოში პასტორი ასევე აღიარებს, რომ "რამდენიმე ასეული ათასი დოლარით სახლი გადავაკეთეთ, რადგან ღმერთმა ასე გვითხრა". ამასთანვე, ცოლ-ქმრის ცნობით, ინვესტორებისგან შემოსული ნახევარი მილიონი დოლარი სახელმწიფო გადასახადების დაფარვაზე დახარჯეს.

მისი თქმით, კრიპტოვალუტის ტექნოლოგიის წამოწყებამ "კრახი განიცადა. ყველაფერი ქვევით წავიდა და ამ მომენტიდან, ჩვენ ღმერთის ლოდინში ვართ'.

ბოლოს გავრცელებულ ვიდეოში პასტორი კვლავ გამოთქვამს იმედს, რომ ღმერთი მას და მის ინვესტორებს "სასწაულით" გადაარჩენს.

"რისთვისაც ვლოცულობთ, და რისაც ჯერ კიდევ გვწამს არის ის, რომ ღმერთი სასწაულს ჩაიდენს. ღმერთი ფინანსურ სექტორში სასწაულს მოახდენს, და ყველა შეძლებს, ფული უკან დაიბრუნოს". - ამბობს რიგალადო ვიდეოში.

კომენტარები