კრიპტოვალუტა

სალვადორში ბიტკოინის მაინინგისთვის ვულკანურ გეოთერმულ ენერგიას გამოიყენებენ

მას შემდეგ, რაც სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა, ქვეყნის პრეზიდენტმა, ნაიიბ ბუკელემ თქვა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის სალვადორში არსებულ გეოთერმულ ელექტროსადგურს გამოიყენებენ, რომელიც ენერგიას ვულკანიდან გამოიმუშავებს. 

ვულკანური გეოთერმული ენერგია ითვლება ენერგიის სუფთა და განახლებად წყაროდ, რომელიც გარემოს არ აბინძურებს. 

ბუკელეს თქმით, პროექტზე სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია LaGeoSV იმუშავებს, ბიტკოინის მაინინგცენტრის მშენებლობა კი გეოთერმული სადგურის ახლოს იგეგმება. 

სალვადორში 30-მდე ვულკანია, აქედან 20 მათგანი კი აქტიურია.

აღნიშნული ნაბიჯი პირდაპირ ეხმიანება გარემოსდაცვით არგუმენტს, რომლის მიხედვით, კრიპტოვალუტის მაინინგი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო ამ ენერგიის წყარო ხშირად არაგანახლებად ენერგიაზე მომუშავე თბოელექტროსადგურებია, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. 

ექსპერტების განმარტებით, კრიპტოვალუტის მაინინგში დახარჯული ენერგია გაფლანგული სულაც არ არის, რადგან ის კრიპტოგრაფიულად დაცული მონეტარული სისტემის ფუნქციონირებისთვის გამოიყენება.

პრობლემა კი არა მაინინგში, არამედ ელექტროსადგურებშია და სახელმწიფოებმა ეს გამოწვევა არა კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვით, არამედ ენერგიის სუფთა და განახლებად წყაროებზე გადართვით უნდა მოაგვარონ, ისეთებზე, როგორებიცაა: ჰიდრო-, ატომური, მზის, ქარის, გეოთერმული და, მათ შორის, ვულკანური წყაროები.

Twitter-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ ბიტკოინი განახლებადი ენერგიის განვითარებას უწყობს ხელს.

დორსის არაერთხელ უთქვამს, რომ კრიპტოვალუტის მაინინგი ხელს შეუწყობს ინოვაციური პროექტების განხორციელებას და ახალი თაობის ენერგოსადგურების მშენებლობას. 

მაგალითად, ტეხასში შენდება მზის ენერგიაზე მომუშავე უდიდესი ბიტკოინის მაინინგ ცენტრი, რომელიც 1 გიგავატზე მეტ განახლებად ენერგიას გამოიმუშავებს. 

"ტეხასი ბიტკოინის მაინერებისთვის მექად იქცევა". – თქვა ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა. 

 

კომენტარები