კრიპტოვალუტა

ჩინეთი საფინანსო ინსტიტუტებს კრიპტოვალუტით ვაჭრობას უკრძალავს, ბიტკოინის ფასი ეცემა

ფოტო: Financial Times

ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანომ გაავრცელა განცხადება კრიპტოაქტივებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ, რომლის მიხედვით, ბანკებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და საგადასახადო კომპანიებს ეკრძალებათ კრიპტოვალუტით ვაჭრობა. 

თავად აღნიშნული კანონი ახალი არ არის და ჩინეთმა ის 2017 წელს მიიღო, თუმცა 18 მაისის განცხადებაში სამმა ჩინურმა ინდუსტრიულმა ჯგუფმა, რომელიც ზედამხედველობას უწევს ფინანსურ სექტორს, განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მზარდი პოპულარობის მიუხედავად, კომპანიებმა და ბანკებმა ჩინეთის კანონმდებლობა უნდა დაიცვან. 

გარდა ამისა, ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ კრიპტოვალუტას არ აქვს ფუნდამენტური თვითღირებულება და მისი ფასი სპეკულაციურ შეფასებაზეა დამოკიდებული, კრიპტომარკეტის მანიპულირება კი "ექსტრემალურად მარტივია". 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის კანონმდებლობაში არაფერი შეცვლილა და მარეგულირებელმა ორგანომ 4 წლის წინ მიღებული კანონი გაიმეორა, ბიტკოინის ფასი ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში 10%-ით, თითქმის 38 000 დოლარამდე შემცირდა. 

ბიტკოინის ფასი.  წყარო: Tradingview.com

2017 წელს ჩინეთის მიერ კრიპტოვალუტით ვაჭრობის აკრძალვასა და მაინინგზე მკაცრი რეგულაციების დაწესებას ბიტკოინის ფასის თითქმის 80%-ით დაცემა მოჰყვა. 

აკრძალვების მიუხედავად, მაინინგით ჩინეთის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, სადაც გლობალური მაინერების წილის თითქმის 60% მოდის, გარდა ამისა, ჩინეთში ფართოდაა გავრცელებული კრიპტოვალუტის დეცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟები, რომელთაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. 

გლობალური ჰაშრეიტის მაჩვენებელი.  წყარო: წყარო: Cambridge Centre for Alternative Finance

ექსპერტების ნაწილის აზრით, ჩინეთის მკაცრი დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ საკუთარი ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის შექმნის სურვილითაა გამოწვეული, რომელიც კომუნისტურ მთავრობას მოსახლეობის თვალთვალისა და დაკვირვების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. 

2021 წელს კრიპტომარკეტისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას აშშ-ს პოზიცია წარმოადგენს, რამდენად მკაცრი იქნება მარეგულირებელი ორგანოს მიდგომა კრიპტომარკეტის მიმართ, ჯერაც უცნობია. 

საქმიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის [SEC] თავმჯდომარის გარი გენსლერის თქმით, ტერმინი კრიპტოვალუტა არასწორია და ციფრული აქტივები კრიპტოაქტივებად უნდა მოვიხსენიოთ, ანუ ისინი საქმიანი ქაღალდების [Securities] კატეგორიაში უნდა განვიხილოთ და არც ვალუტის. 

გენსლერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში [MIT] კითხულობდა სალექციო კურსს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის შესახებ. 

მას არაერთხელ უთქვამს, რომ ამერიკის კანონმდებლობა უნდა იყოს დაბალანსებული, მან ხელი არ უნდა შეუშალოს ინოვაციას და სფეროს განვითარებას, თუმცა ასევე სავაჭრო პლატფორმებზე დაწესებულმა მკაცრმა რეგულაციებმა ხელი უნდა შეუწყონ ინვესტორების დაცვას და შედარებით სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნას. 
 

კომენტარები