კრიპტოვალუტა

მაიამი ბიტკოინისა და ინოვაციის დედაქალაქი უნდა გახდეს – ქალაქის მერი 

ფრანცის სუარესი

მაიამიში გამართული ბიტკოინის კონფერენცია დღეს ქალაქის მერმა, ფრანცის სუარესმა გახსნა, სადაც მან კრიპტოვალუტის, ბლოკჩეინისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების შესახებ ისაუბრა, გარდა ამისა, მან თქვა, რომ მაიამი ბიტკოინის დედაქალაქი უნდა გახდეს. 

"ამ ქალაქში კარგად გვესმის, თუ რას ნიშნავს, იყო კაპიტალის დედაქალაქი, რაც ბიტკოინის დედაქალაქობას გულისხმობს. 

მაიამი უნდა გახდეს ბიტკოინისა და ინოვაციის დედაქალაქი". 

7-წუთიანი სიტყვით გამოსვლისას სუარესმა ქალაქის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის განიხილავს ბიტკოინს, როგორც ანგარიშსწორების, გადასახადების გადახდის, საინვესტიციო და, რაც მთავარია, სახაზინო აქტივად გამოყენების საშუალებად. 

2021 წლის ბიტკოინის კონფერენცია მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც 50 000-მდე ადამიანი ესწრება, მათ შორის: Twitter-ის დამფუძნებელი, ჯერ დორსი, MicroStrategy-ის CEO მაიკლ სეილორი, Morgan Creek Digital-ის დამფუძნებელი ანტონი პომპლიანო და Galaxy-ის დირექტორი მაიკ ნოვოგრაცი. 

გარდა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებისა, ღონისძიებას ესწრებიან კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მხარდამჭერი კონგრესმენები და პოლიტიკოსები, კერძოდ, სინტია ლუმისი, უორენ დევიდსონი, ბრაიან ბრუკსი და კრისტოფერ ჯანკარლო. 

კონფერენციაზე ასევე იმყოფებიან ეთერიუმისა და კარდანოს დამფუძნებლები, ვიტალიკ ბუტერინი და ჩარლზ ჰოსკინსონი. 

"ბევრი ისეთი რამაა, რაც ბიტკოინის შესახებ არ ვიცი, თუმცა მე კარგად ვიცი რა არის თავისუფლება". – თქვა 85 წლის ტეხასელმა კონგრესმენმა, რონ პოლმა სიტყვით გამოსვლისას. 

უკანასკნელ პერიოდში ამერიკის ზოგიერთ შტატში კრიპტოვალუტისადმი მხარდაჭერა აქტიურად იზრდება, განსაკუთრებით კი ტეხასში, ფლორიდაში, ოჰაიოში, უაიომინგსა და კოლორადოში. 

ტეხასის შტატის გუბერნატორს, გრეგ აბოტს არაერთხელ უთქვამს, რომ ის ბიტკოინის მხარდამჭერია და ყველანაირად ხელს შეუწყობს ტეხასში კრიპტოვალუტის მაინინგისა და მოხმარების ხელშეწყობას. 

"ტეხასი ბიტკოინის მაინერებისთვის მექად იქცევა". – დატვიტა მან.

 

კომენტარები