პრაიდის კვირეული

ბოკერია ჯაფარიძეს: ძალადობის პროპაგანდა იყო საპატრიარქოსგანაც, ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ბოკერიას თქმით, საპატრიარქოსგან ირიბად იყო ძალადობისკენ მოწოდება და პროპაგანდა, რაზეც თვალის დახუჭვა პოლიტიკური ძალების მხრიდან არ შეიძლება.

"ცნობილი გამოთქმაა, დაცულია თუ არა, დახურულ კინოთეატრში რომ იყვირებ, ხანძარიაო და ხალხი ერთმანეთს გადათელავს, ეგ არის, რასაც შვებიან ეს ჯგუფები. თუ შენ იძახი, რომ ხანძარია და იღუპება ქვეყანა, სამშობლოს გვართმევენ, მერე გამოდის ეს ხალხი და ცხრა ძმა ხერხეულიძეო და მაგალითები მოჰყავს ხალხის, რომელიც შეაკვდა მტერს, რომელიც იარაღით მოდიოდა ძალადობით და ასი ათასი მოწამის მაგალითი მოჰყავს, ხალხი, რომელიც შეეწირა, რომ მათზე ძალადობდნენ ფიზიკურად და ამ დროშით ძალადობენ მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე, უმცირესობის ჯგუფებზე და ჩვენ დავიცავთ სამშობლოსო. ეს პროპაგანდა მნიშვნელოვანწილად მოდის საპატრიარქოსგანაც და ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ". – თქვა ბოკერიამ

ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ 5 ივლისს განვითარებულ  მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას, ხოლო საპატრიარქოსგან ძალადობრივი მოწოდებები არ ყოფილა და მას აქვს მშვიდობიანი თავყრილობის შესახებ განცხადებების გაკეთების უფლება.

"პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება ხელისუფლებას, მთავრობას, მის მეთაურს, მინისტრებს, რომლებსაც პირდაპირ ევალებათ ძალადობის აღკვეთა. საპატრიარქოს ძალადობისკენ მოწოდება არ მომისმენია, ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია. გუშინ, დილით პირდაპირ მთავრობის მეთაურმა გამოხატა დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ, რითაც წააქეზა ძალადობრივი ჯგუფები და აუნთო მწვანე შუქი. ამის გამო გრძნობდნენ ისინი თავს დაუსჯელად გუშინ". – თქვა ჯაფარიძემ

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში.

კომენტარები