საქართველო-ევროკავშირი

2024-ში EU-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთება – კითხვები, კრიტერიუმები და წინააღმდეგობები

საქართველო-ევროკავშირი

2024-ში EU-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთება – კითხვები, კრიტერიუმები და წინააღმდეგობები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის შესავალში მუქი ასოებით წერია – "საარჩევნო პროგრამა ეფუძნება ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის ამბიციას, შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე".

საქართველოსნაირი განვითარების გზაზე მყოფი სახელმწიფოსთვის პოლიტიკური ამბიცია მისაღები და აუცილებელიც კია, თუმცა ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანის განზრახვის დეკლარირება სერიოზული გადაწყვეტილებაა. იგი თავისთავად ემყარება ქვეყნის მიერ გავლილ ისეთ ნაბიჯებს, როგორებიცაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და მასთან თანმხლები ღრმა, ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა (საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ზუსტად 7 წლის წინ, 2014 წელს მოაწერა). ამასთან, მნიშვნელოვანია უვიზო რეჟიმის შექმნა და მისი წესებისამებრ განხორციელება ევროკავშირში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეების მიერ.

ამავე დროს წევრობის განაცხადის შეტანა იწვევს ბევრ ურთიერთდაკავშირებულ კითხვას: ჩატარდა თუ არა წინასწარი კონსულტაციები ბრიუსელთან განაცხადის გაკეთების შესახებ? დადებითად შეხვდებიან თუ არა საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმის ფონზე, როდესაც 2020 წლის კვლევით საქართველოს მოსახლეობის 77% ევროკავშირთან ურთიერთობას დადებითად აფასებს? რა სახის გავლენა ექნება ქართულ განაცხადზე გაფართოებასთან დაკავშირებულ ე.წ. ევროკავშირის გადაღლილობას? მოხდება განაცხადის წინასწარი შეთანხმება ევროკომისიასთან?

მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებისა და სხვა საგარეო ურთიერთობების გავლენაც: გაკეთდება თუ არა წევრობის განაცხადი მანამდე, სანამ საქართველო NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებს? (აღსანიშნავია, რომ EU-ს ყველა ახალი წევრი, როგორც წესი, ჯერ NATO-ს წევრი ხდებოდა). სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება იქნება განაცხადის ცალკე შეტანა და არა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ასოცირებულ წევრებთან – უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად?

დაბოლოს, როგორი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და სამართლებრივი ხარისხით გვინდა და გვჭირდება, რომ შევხვდეთ ამ დღეს?

ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია, რომ კავშირის მიერ საქართველო აღიქმებოდეს კოპენჰაგენის პოლიტიკური კრიტერიუმებთან დიდწილად შესაბამისობაში მყოფ ქვეყანად, რომელიც გაზომავს, რამდენადაა სახელმწიფო მზად ეკონომიკურად, პოლიტიკურად და ინსტიტუციურად ევროკავშირის წევრობისთვის. კავშირში გაწევრიანების კანდიდატად გახდომისთვის ქვეყნამ ორი ძირითადი გარემოება უნდა დააკმაყოფილოს – პოლიტიკური და გეოგრაფიული (ევროკავშირის ხელშეკრულების მე-2 და 49-ე მუხლები)

გეოგრაფიულად საქართველოს წინაღობა არა აქვს, იგი უკვე აღიარებულია აღმოსავლეთევროპულ ქვეყანად, მაგრამ გეოგრაფიულად ევროპელობის აღიარებას თან ახლავს სახელმწიფოს ისტორიული და თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. 

ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს კოპენჰაგენის სამ – პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ კრიტერიუმს, რომელთან გამკლავებისასაც საქართველოს წინ არაერთი კედელი ეღობება. 

პოლიტიკური კრიტერიუმი 

პოლიტიკური კრიტერიუმი მოიცავს საჯარო ინსტიტუტების სტაბილურობას (პარლამენტი, მთავრობა, საჯარო ადმინისტრირება, სასამართლო სისტემა, ანტიკორუფციული პოლიტიკა), რომლებიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და უმცირესობების დაცვა-პატივისცემას. 

საქართველოს უახლესი მიმდინარე მოვლენებით თუ შევაფასებთ, ამ კრიტერიუმების შესაბამისობასთან შემდეგი სურათი დაგხვდება: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად მოსახლეობის მხოლოდ 7% თვლის, რომ საქართველოს მთავრობა სრულად გამჭვირვალე და ღიაა. სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით იგივე პოზიცია მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს აქვს. იმავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 49%-ს არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვს მინისტრთა კაბინეტის მიმართ, 53%-ს – პარლამენტის, 39%-ს პოლიციის მიმართ. 

ქვეყანაში უმცირესობების დაცვასა და პატივისცემასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის ბოლო პერიოდის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო საყოველთაო დღესასწაულების პერიოდში პანდემიის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის შერჩევითად შემსუბუქება  მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის. მაშინ, როდესაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ამას იმით ხსნიდნენ, რომ ქვეყანაში მართლმადიდებელი მრევლის რაოდენობა მეტია.

ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ეროვნული უმცირესობებისთვის კვლავ პრობლემად რჩება განათლების, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისა და სხვა საკითხები. 

ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური ძალაუფლების დეცენტრალიზების კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში პოლიტპატიმრების კულტურის არსებობაც. ამ უკანასკნელთაგან ბოლო მაგალითია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება, რომლის გასათავისუფლებლადაც ევროკავშირმა თავისი ერთ-ერთი ფონდის, EED-ის დახმარებით წინასწარ გამოყო გირაოს თანხა – 40 000 ლარის ოდენობით, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის ნაწილი იყო. ამავე პროცესის შედეგი იყო გიორგი რურუას გათავისუფლებაც. 

შეიძლება ითქვას, რომ კოპენჰაგენის პოლიტიკურ კრიტერიუმში გაწერილი პუნქტებიდან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაზე დიდი წინაღობა სასამართლო და მართლმსაჯულების პრობლემაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლო და ხელისუფლება არ ითვალისწინებენ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების პუნქტებს სასამართლო რეფორმების შესახებ. ამ ჩავარდნის ბოლო გამოვლინება აშშ-სა და ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, რომ რეფორმების გატარებამდე გადადებულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა, მათი მაინც დანიშვნა იყო. არსებული  ჩარჩოპროცედურების პირობებში სასამართლო სტრუქტურებში მოსამართლეთა დანიშვნისგან თავშეკავებაზე იყო საუბარი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ბოლო ანგარიშშიც

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს საქართველო მსოფლიოში კორუფციის აღქმის ინდექსით მსოფლიოში 45-ე ადგილზეა და ქვეყანაში გადაუჭრელი რჩება ინსტიტუტებში მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები.

ეკონომიკური კრიტერიუმი

კოპენჰაგენის ეკონომიკური კრიტერიუმი მოიაზრებს ქვეყანაში სტაბილური საბაზრო ეკონომიკის არსებობას, ევროზონაში გაწევრიანების მზაობასა და ევროკავშირის კონკურენტული ეკონომიკური წნეხის გამკლავების უნარს.

ევროკავშირის ეკონომიკური მოთხოვნები უმნიშვნელოვანესია კავშირში გაწევრიანების პროცესში, თუმცა 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა. ასევე, 2021 წლის პირველ კვარტალში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით საშუალოდ 11.7%-ით გაუფასურდა, ევროსთან – 19.3%-ით. აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილში საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, თუმცა ეს 2020 წლის აპრილში ეკონომიკის 16.6%-ით შემცირების ფონზე მოხდა. 

2020 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 21.3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფება. 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 3.7%-ით გაიზარდა და 21.9% შეადგინა.  2021 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში 10.1%-ით გაიზარდა იმპორტიც.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2021 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს 5 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის ევროკავშირის წევრი არცერთი არ არის. 

ინსტიტუციური კრიტერიუმი 

ეს კრიტერიუმი შინაარსობრივად გულისხმობს ქვეყნის უნარსა და ერთგულებას, ეფექტიანად შეასრულოს ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესები, სტანდარტები და პოლიტიკა.

ტექნიკურად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეიძლება დაიყოს 8 ეტაპად:

  1. თავდაპირველად ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს ზემოხსენებულ მუხლებს, კავშირში გაწევრიანების განაცხადს უგზავნის ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტობას. 
  2. შემდეგ ევროკომისია ე.წ. კითხვარის საფუძველზე ქვეყანას პირველადად აფასებს. კითხვარი სახელმწიფოს მზადყოფნას განსაზღვრავს კოპენჰაგენის პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური კრიტერიუმების მიმართ. შეფასება ევროკავშირის საბჭოს ეგზავნება.
  3. შეფასების საფუძველზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. შესაძლებელია, საბჭომ ქვეყანას დაუყენოს წინაპირობები კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. 
  4. შემოწმება – ევროკომისია იწყებს სახელმწიფოს დეტალურ შესწავლას ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis) თითოეული თავის მიხედვით. შედეგი, რომელსაც თან ერთვის რეკომენდაციებიც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაეგზავნებათ.
  5. შემდეგია გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების პროცესი, რა დროსაც ევროკავშირისა და სახელმწიფოს საერთო პოზიციები მუშავდება. 
  6. მას შემდეგ, რაც კანდიდატი დაასრულებს რეკომენდებული რეფორმების პროცესს და მისი კონსტიტუცია სრულად მოვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, გაფორმდება კავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება.
  7. გაწევრიანების ხელშეკრულება უნდა რატიფიცირდეს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში – მაგალითად, თითოეულ სახელმწიფოში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო კენჭისყრა ან რეფერენდუმი.
  8. კანდიდატი ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი. 

თუმცა, სანამ სახელმწიფო ამ საფეხურების გავლას დაიწყებს, კოპენჰაგენის კრიტერიუმებით გაზომილ ქვეყნის მზაობასთან ერთად ევროკავშირში გასაწევრიანებლად თანაბარმნიშვნელოვანია თვითონ კავშირის მზაობის –  ინტეგრაციის უნარიანობის (integration capacity) საკითხიც. მისი მიზანია, რომ გაფართოებეასთან ერთად ევროკავშირმა არ დაკარგოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების ტემპი და "ხარისხი".

სწორედ აქ ვხვდებით ე.წ. ევროკავშირის გადაღლილობის პრობლემასაც. კავშირში ბოლო გაფართოება 2013 წელს მოხდა, როდესაც წევრი ხორვატია გახდა. 2007 წელს ევროკავშირის ქვეყნები გახდნენ რუმინეთი და ბულგარეთ, 2004 წელს კი ეს სტატუსი ერთდროულად 10-მა ქვეყანამ მიიღო. შესაბამისად, ნათელია გაფართოებასთან დაკავშირებული ევროკავშირის თანამედროვე დამოკიდებულების დინამიკაც. 

თურქეთმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 1959 წელს გააკეთა (კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო 1999 წელს), ჩრდილოეთ მაკედონიამ 2004 წელს (კანდიდატის სტატუსი – 2005 წელს), მონტენეგრომ 2008-ში (კანდიდატის სტატუსი – 2010 წელს), ალბანეთმა და სერბეთმა 2009-ში (კანდიდატის სტატუსები, შესაბამისად, 2014 და 2012 წლებში). აღსანიშნავია ისიც, რომ წევრობაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთეს ბოსნიამ და ჰერცეგოვინამაც, შემდეგ კი კოსოვომ, თუმცა მათ კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ არ მიუღიათ. ფაქტია, რომ განაცხადების შეტანიდან კავშირის წევრობამდე გრძელვადიანი და რთული გზაა გასავლელი. 

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსად დაიწყო, თუმცა მრავალსაფეხურიან პროცესში თანდათან ამ პროცესის დიფერენციაციაც მოხდა. სახელმწიფოების პროგრესი და მათი ამბიცია დაშორდა ერთმანეთს, რამაც ევროკავშირში ინტეგრაცია მნიშვნელოვნად გაწელა დროში. ევროკავშირის გაფართოების მიზნები რეგიონული და გეოპოლიტიკური მასშტაბისაა, მაგრამ მათი რეალიზება მეტწილად ორმხრივი მუშაობის ხარჯზე ხდება. 

28 მაისს ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა თქვა, რომ "მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება", რადგან 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე თანხმობას ვერ მიიღებს.

ეს საქართველოსთვის თვალსაჩინო და აუცილებლად გასათვალისწინებელი გარემოებებია. ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაუაზრებლად და შესაბამისი საფუძვლების მოუმზადებლად გაკეთებამ, შესაძლოა, განუსაზღვრელი ვადით გადადოს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები და ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს დასავლური მომავალი. 

კომენტარები