კომენდანტის საათი

საკოორდინაციო საბჭო ნოვრუზ ბაირამისას ერთი ღამით კომენდანტის საათის მოხსნაზე უარს ამბობს

ნოვრუზ ბაირამი
open.az

საკოორდინაციო საბჭომ სახალხო დღესასწაულის, ნოვრუზ ბაირამის დაწყებისას, ერთი ღამით კომენდანტის საათის მოხსნაზე უარი განაცხადა. 

"კულტურულ, რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე, ხალხმრავლობიდან გამომდინარე, ასევე, ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსკაუთრებით იმ დროს, როდესაც შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით, შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის". - თქვა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოში კომენდანტის საათი 21:00-დან დილის 05:00-მდე, 28 ნოემბრიდან მოქმედებს. საკოორდინციო საბჭომ მხოლოდ ორი გამონაკლისი დაუშვა - ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს და შობის ღამეს, 7 იანვარს.

ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და "ახალ დღეს" ნიშნავს. მისი აღნიშვნის ტრადიცია ზოროასტრიზმის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) უძველესი რელიგიიდან იღებს სათავეს და დღეღამსწორობას უკავშირდება. ითვლება, რომ 21 მარტიდან, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ახალი წელი ბუნების გამწვანებასთან ერთად იწყება. ეს არის დრო, როცა დედამიწა ახალ სიცოცხლეს იწყებს, ხოლო აზერბაიჯანელები და ათზე მეტი სხვა ერი - ახალ წელს.

2010 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნოვრუზ ბაირამი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების დღესასწაული, საერთო-სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.

2010 წლის 19 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც 21 მარტი "ნოვრუზის საერთაშორისო დღედ" გამოაცხადა და მიესალმა დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელს უწყობენ მასთან დაკავშირებული კულტურული ტრადიციების შენახვასა და განვითარებას. საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეებისთვის ზეიმს ტრადიციული დატვირთვა აქვს, რომელიც კავშირში არ არის ისლამურ რელიგიასთან.

კომენტარები