საქართველო-ევროკავშირი

კალიურანდი EU-ს გაფართოებაზე: მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდმა Euractiv-ის კონფერენციაზე საქართველოს გზა – ევროკავშირისკენ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის წევრობაზე 2024 წლის განაცხადზე და გაერთიანების გაფართოების პერსპექტივაზე ისაუბრა. კალიურანდი თვლის, რომ ახლო მომავალში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა რეალისტური არ იქნება.

მარინა კალიურანდმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უფლება, მიმართოს განაცხადით ორგანიზაციას, რომლის წევრობაც სურს, თუმცა ევროკავშირის გაფართოებისთვის წევრთა შორის კონსენსუსია საჭირო.

"ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც საჭიროებს ერთსულოვან მხარდაჭერას ევროკავშირში. ეს გაფართოების ერთადერთი გზაა. გულახდილი ვიქნები, ევროკავშირში გაფართოებაზე კონსენსუსი არ არის. ეს რეალობაა. არ მივაქცევდი ამდენ ყურადღებას წევრობის საკითხს, რადგან ეს არ იქნება რეალისტური ახლო მომავალში. ნაცვლად ამისა, ბევრად მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს უფრო ახლო თანამშრომლობას სექტორული რეფორმებში." – თქვა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიდგომა, თავისი განვითარებით თანხვედრაში მოვიდეს ევროკავშირთან მნიშვნელოვანი და სწორია, თუმცა "მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება" რადგან 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე თანხმობას ვერ მიიღებს.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, იმიტომ რომ, თქვენ ვერ მიიღებთ თანხმობას 2024 წელს. უმჯობესია მოლოდინების შემცირება და რეალობის ახსნა. შემიძლია ისიც ვთქვა, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ არის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, რომელიც ფიქრობს, რომ 2004 წელს ევროკავშირის გაფართოება 10 ქვეყნის, მათ შორის ესტონეთის გაწევრიანებით, შეცდომა იყო" – თქვა კალიურანდმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი დაპირება 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება იყო.

"საარჩევნო პროგრამა ეფუძნება ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის ამბიციას, შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე". – ვკითხულობთ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში.

კომენტარები