პოლიტიკური კრიზისი

გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

გიორგი რურუა
ტაბულა

ტელეკომპანია მთავარი არხის მეწილემ, ბიზნესმენმა გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 27 აპრილს შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა 19 აპრილს საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ თუ პარტიები ევროკავშირის მედიატორობით შედგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერდნენ და პარლამენტიში შევიდოდნენ, ის გიორგი რურუას შეიწყალებდა.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. თუმცა, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა არცერთხელ არ შეუცვალა გირაოთი. 

მას შემდეგ, რაც სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, განაჩენს გამოეხმაურნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები. სენატორმა რიშმა დაწერა, რომ რჩება "ძალზედ შეშფოთებული" და, მისივე სიტყვებით, რურუა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს. განაჩენს გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც. კუბილიუსმა დაწერა, რომ პომპეოს გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოში სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ კი ზურაბიშვილს მოუწოდა, გამოეყენებინა უფლებამოსილება, როგორც სხვა შემთხვევებში. 

თუმცა, დასავლელი პარტნიორებისა და ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად, მაშინ სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუაზე თქვა – "ამ პიროვნებას არ შევიწყალებ".


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, დღეს, 27 აპრილს პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

კომენტარები