აშშ-რუსეთი

აშშ ნავალნის მოწამვლის და დაპატიმრების გამო რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს

ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი

ბაიდენის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების გამო რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, ისაუბრა.

"ვამზადებთ სანქციების კიდევ ერთ პაკეტს. [..] ჩვენ არასოდეს ვცდილობდით თავის შეკავებას, როცა საქმე რუსეთის დამაზიანებელ მოქმედებებზე პასუხს ეხებოდა, იქნებოდა ეს Solar Winds-ის ჰაკერული თავდასხმა, არჩევნებში ჩარევა ან ნავალნის შემთხვევა." –უთხრა სალივანმა CNN-ს.

სალივანის განმარტებით, სანქციები ძალაში შევა, როდესაც აშშ დარწმუნდება, რომ სწორი სამიზნეებია გამოაშკარავებული და ამის შემდეგ დამატებითი სანქციები დაწესდება ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.

აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებმა ალექსეი ნავალნის საკითხი 16 ივნისს ჟენევაში შეხვედრის დროს განიხილეს. შეხვედრა ბაიდენმაც და პუტინმაც დადებითად შეაფასეს, თუმცა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მოიტანს თუ არა რეალურს შედეგს საუბარი, რამდენიმე თვეში გახდებოდა ნათელი. ალექსეი ნავალნიზე საუბრისას ბაიდენმა თქვა, რომ თუ ნავალნი ციხეში მოკვდება, რუსეთისთვის შედეგები სავალალო იქნება.

ჟენევის შეხვედრის ძირითადი საკითხები იყო კიბერუსაფრთხოებაადამიანის უფლებები და სტრატეგიული დიალოგის შესაძლებლობა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო აშშ-მ რუსეთს ევროკავშირთან კოორდინირებულად სანქციები 2 მარტს დაუწესა.


2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღეს შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

კომენტარები