ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

ბაიდენი: აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების ნამდვილი შესაძლებლობა არსებობს

ჯო ბაიდენი
Patrick Semansky/AP

ჟენევაში ბაიდენსა და პუტინს შორის გამართული სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა შეხვედრა დადებითად შეაფასა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მომავალი თვეები აჩვენებს, დაახლოებს თუ არა დღევანდელი შეხვედრა ორ სახელმწიფოს.

"არ ვამბობ, რომ მარტო იმიტომ, რომ პრეზიდენტი [პუტინი] და მე შევთანხმდით რაღაცის გაკეთებაზე, ეს უეცრად იმუშავებს. ამას არ ვამბობს. ვფიქრობ, რომ არსებობს ნამდვილი შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისე, რომ ჩვენი პრინციპებიდან და ღირებულებებიდან არაფერი დავთმოთ". – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას არ ყოფილა რაიმე სახის მუქარა და მან პუტინს განუმარტა რა პოლიტიკის გატარებას გეგმავდა აშშ.

ჟენევაში პუტინის და ბაიდენის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ.

მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთი გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

აშშ-ს მხრიდან სამიტის მეორე სესიას ესწრებოდნენ: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, უშიშროების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი, პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რუსეთის საკითხებში მრჩეველი და უშიშროების საბჭოს წევრი ერიკ გრინი, აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი.

ხოლო რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი, გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი, პუტინის სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში ალექსანდრ ლავრენტიევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრი კოზაკი.

კომენტარები