ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

ბაიდენი: თუ ნავალნი ციხეში მოკვდება, რუსეთისთვის შედეგები სავალალო იქნება

ჯო ბაიდენი
Patrick Semansky/AP

ჟენევაში ბაიდენის და პუტინის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემთხვევაში რუსეთისთვის შედეგები სავალალო იქნება.

"მე პუტინს ვუთხარი, რომ, თუ ნავალნი ციხეში მოკვდება, შედეგები რუსეთისთვის სავალალო იქნება. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, როცა ის ამბობს, რომ ნავალნის არაფერი დაუშავდება და რითაც ნავალნის მიმართ მოპყრობას ამართლებს და ამის შედეგ ის ციხეში მოკვდება?" - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ადამიანის უფლებების საკითხის წამოჭრას, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა აშშ-სთვის მნიშვნელოვანია.

ალექსეი ნავალნიზე ვლადიმირ პუტინმაც ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სახელი კვლავ არ უთქვამს და "ადამიანად" და "ბატონად" მოიხსენიებდა. პუტინის თქმით, ნავალნი შეგნებულად მიდიოდა დაკავებაზე.

ჟენევაში პუტინის და ბაიდენის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთი გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

ლიდერებმა პრესკონფერენციები სამიტის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე გამართებს. ბაიდენმაც და პუტინმაც შეხვედრა დადებითად შეაფასეს.

2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღეს შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

კომენტარები