გახარიას გუნდი

კალაძე: ივანიშვილმა წერტილი დაუსვა იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს გახარია ივანიშვილის პროექტია

გახარია

თბილისის მერის, კახა კალაძეს თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში არ წერია, რომ გახარია მოღალატეა.

"ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში არ ყოფილა, რომ მოღალატეა. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მისი მხრიდან იყო.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილით ყველაფერი იყო ნათქვამი და წერტილი დაუსვა, იმ მითქმა-მოთქმას, რომ თითქოს გახარიას პარტიის შექმნა ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი". – ამბობს კახა კალაძე

ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 7 ივნისს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას შესახებ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გიორგი გახარიასთან თანამშრომლობა ივანიშვილისთვის მიუღებელი იქნებოდა და გახარიას მიერ პარტიის და თანამდებობის დატოვება გუნდის და სახელმწიფოს ღალატია.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება სრულად იხილეთ აქ.


გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად და გუნდში ამასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდა.

22 მარტს გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და თქვა: "არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ". 29 მაისს გიორგი გახარიამ ახალი პარტია, საქართველოსთვის წარადგინა. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილ თანაგუნდელისა და პრემიერის გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს. 

კომენტარები