გიორგი გახარია

გახარია: არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა.

TV პირველისა და ფორმულასთვის მიცემულ კომენტარში ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ფაქტობრივად, პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. 

"რაც შეეხება მომავალს, პირველი მინდა, გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი [გავრცელდა], არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა". – თქვა გიორგი გახარიამ და დამატებით კითხვებზე პასუხი არ გასცა. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად. 

"მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი". – თქვა გიორგი გახარიამ. 

კომენტარები