ქართული ოცნება

კობახიძე ეჭვობს, რომ თებერვალში გახარია სააკაშვილთან ერთად გადატრიალებას გეგმავდა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილ თანაგუნდელისა და პრემიერის გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს. 

კობახიძის თქმით, 17 თებერვალს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გამოცხადების წინ არსებობდა დამთხვევა მათ კონსპირაციულ ინფორმაციასა და მაშინდელ პრემიერ გახარიას გუნდის შიგნით გაკეთებულ განცხადებებს შორის.

"17 თებერვალს, 5 საათზე გახარიამ მოგვმართა. სასამართლო ჩანიშნული იყო და ყველამ იცოდა, რომ სასამართლო მიიღებდა ან ასეთ ან ისეთ გადაწყვეტილებას [მელიას დაკავება - არდაკავების].

90% სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებას პატიმრობის შეფარდებაზე, რადგან მარტივი ქეისი იყო, არ გადაიხადა გირაო.

გახარიას ეს სავარაუდო სცენარი ჰქონდა გათვლილი და ჩვენთან დაიწყო მსჯელობა. მოითხოვა რომ ორი-სამი დღით გადაგვედო მელიას დაკავება.

ახლა რა ინფორმაცია გვქონდა ჩვენ კიევიდან და ენმ-ის თბილისის ოფისიდან. გვქონდა, ჩვენ ინფორმაცია ენმ-ის გეგმის თაობაზე. ისინი ლაპარაკობდნენ, რომ ორი დღე სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ეს გეგმა სისრულეში მოსულიყო. გეგმა იყო შემდეგი: მას მერე, რაც ხელისუფლება ვერ დააკავებდა მელიას, იწყებდა საუბარს ენმ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არალეგიტიმურობის შეგრძნება. მაშინ იყო სხვა ვითარება, ოპოზიცია არ იყო პარლამენტში შემოსული, იყო გართულებული ვითარება და მელიას არ დაკავებას დააბრალებდა ენმ ჩვენს სუსტ ლეგიტიმაციას, ეს იყო მათი მესიჯბოქსი. ამაზე მითითებით, სააკაშვილმა თუ არ ვცდები 17 თებერვალსვე გააკეთა განცხადება, ალტერნატიულ მთავრობასთან დაკავშირებით. ეს იყო წვეთი, რომელიც მან შემოიტანა პოლიტიკურ დისკუსიაში.

18 თებერვალს უკვე, ისინი გამოაცხადებდნენ ე.წ ალტერნატიულ მთავრობას - თავისი ე.წ ძალოვანი მინისტრებით, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან. და ჰქონდათ მათ გამზადებული სცენარი, მათ ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიულ მთავრობაში და ძალოვანი სტრუქტურის დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე. 

ანუ რამდენიმე ათეული ადამიანით ხდებოდა ამის იმიტაცია და მედიით გაშუქება. მე არ ვიცი, ეს იცოდა თუ არა გახარიამ, მაგრამ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.

ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან კიევში და გახარიას აღარ გავანდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეჭვი გაჩნდა. დამთხვევა წარმოიდგინეთ. 

როგორცვე დამთხვევა დავაფიქსირეთ, გაჩნდა ეჭვი და აღარ გავანდეთ ეს ინფორმაცია.

იქიდან ისმის, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ და აქ ითხოვს ჩვენი ლიდერი გაუგებარი მოტივით 2-3 დღით ოპერაციის გადადებას.

ახლა ამ სცენარის გაგრძელება: ე.წ ალტერნატიულ მთავრობაში გადადიან ძალოვნები, შს სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი და შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან, სადაც უნდა დახვედროდა აქტივისტები და შემოეცილებინათ. ჩვენთვის ცნობილი არ არის ამ ძალოვანების ვინაობა, ცნობილი იყო, რომ გეგმის ნაწილი იყო. 

ახლა რაც შეეხება სარფში შემოსვლას, ე.წ უკრაინული სცენარი, რაც თავის დროზე ჰქონდა გათამაშებული სააკაშვილს. ხვდებიან აქტივისტები და შემოდის (ჩვენ იმას არ ვამტკიცებთ რომ ამას შეძლებდნენ და გადატრიალებას შეძლებდნენ) და, ბუნებრივია, ეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მმართველ პარტიას, მითუმეტეს იმ ფონზე, თუ სააკაშვილის ამ შემოსვლასთან ერთად პრემიერი გადადგებოდა", - თქვა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.


გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად და გუნდში ამასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 23 თებერვალს დააკავეს. მის დასაპატიმრებლად და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მისი დარბევა დასჭირდა. 

ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების თანახმად და მელიას თანხმობით, ევროკავშირის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ფონდმა, EED-მ გირაო გადაიხადა. ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა

22 მარტს გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და თქვა: "არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ". 29 მაისს გიორგი გახარიამ ახალი პარტია, საქართველოსთვის წარადგინა. 

"გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, რიგითი მოქალაქეების პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო, რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა". – თქვა გახარიამ ახალი პარტიის პრეზენტაციაზე. 

კომენტარები