ნამახვანჰესი

ველტონი ნამახვანჰესზე: ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მომტანი პროექტი საფრთხეშია

cbw.ge

"ჩვენ დავინახეთ, რომ პროექტი, რომელმაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა უნდა მოუტანოს, საფრთხეშია", - განაცხადა აშშ-ს სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ველტონმა, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციისა (GREDA) და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ.

ველტონის თქმით, საერთაშორისო საბჭოს შექმნის შედეგად საზოგადოება სწორ პოზიციას დაიკავებს, პროექტის განხორციელება კი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დასავლური სტანდარტების დანერგვისა და ენერგოსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.

"ჩავთვალეთ, რომ, თუკი შეიქმნებოდა საერთაშორისო საბჭო, რომელშიც შევლენ დამოუკიდებელი და ნეიტრალური ექსპერტები, საზოგადოება ჩვენი მუშაობის შედეგად სწორ პოზიციას დაიკავებს, საქართველოს მიზანი დასავლური სტანდარტების დანერგვა და ენერგოსტრუქტურებში გაწევრიანებაა, რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაა, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე", - აღნიშნა ველტმანმა.


რამდენიმე თვეა, რიონის ხეობაში აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. 

11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა.

14 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება - ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა. 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი. 

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავრობამ 16 აპრილს დაყენებული პირობები არ დააკმაყოფილა და მაისში ისინი აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ.

კომენტარები