ლევან ხაბეიშვილი

"ასე ხედავს პროპაგანდასთან ბრძოლას" – ხაბეიშვილის 5+1 პუნქტი

ლევან ხაბეიშვილი
ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

TV პირველის ეთერში, ანი ნადარეიშვილმა, როგორც ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, წაიკითხა ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მიერ დაწერილი 5+1 პუნქტი, რომელიც ნადარეიშვილის თქმით, არის პროპაგანდასთან საბრძოლველი გზავნილი ქართველი ხალხისთვის. ნადარეიშვილის განმარტებით, ლევან ხაბეიშვილი "ასე ხედავს პროპაგანდასთან ბრძოლას". 

გთავაზობთ წერილს, რომელიც ანი ნადარეიშვილმა წაიკითხა:

"საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ გზა-გასაყარზეა, ივანიშვილმა აირჩია ავაზაკ ბარაბას, მოღალატე იუდას გზა და უარყო დავით აღმაშენებლის თამარის ილია ჭავჭავაძის და რაც მთავარია იესოს გზა. ივანიშვილმა უარი თქვა სიკეთეზე, სიყვარულზე, დათმობაზე და მისი რეჟიმი დაამყნო სიძულვილზე, წამებაზე, ძალადობასა და დაყოფაზე. ძალადობრივ რეჟიმს ზურგს უმაგრებს ამორალური, აღვირახსნილი, მატყუარა რუსული პროპაგანდა. ჩვენი ვალდებულებაა ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხოთ. პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, შეთანხმებას ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტზე". - ნათქვამია ხაბეიშვილის წერილში.

ეს პუნქტებია:

1. საქართველოში არასოდეს იქნება დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება - ოჯახი იყო, არის და იქნება ქალის და მამაკაცის ერთობა. (ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია, უთხოვია საწინააღმდეგო. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ასევე არსებობს კანონი ან კონსტიტუცია, სადაც იგივე დათქმაა, რაც ზემოთ მოგახსენეთ).

ნადარეიშვილის განმარტებით, "პროპაგანდა ზუსტად მუშაობს ადამიანებზე, რომ ევროპა ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ამიტომ უარი უნდა ვთქვათ ევროპაზე" და არასდროს ევროკავშირს ეს არ მოუთხოვია. 

2. საქართველოში ხალხის მთავარი გამაერთიანებელი ყველა დროს, ყველა ეპოქაში იყო რწმენა და ღმერთი. უფლის სიყვარული, ქრისტესმიერი სათნოება, სიკეთე და ტოლერანტობა. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რეაბილიტაცია და აღდგენა. ასევე, სასულიერო აკადემიის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ, პატრიარქის ინსტიტუტისთვის შესაძლებლობის გაჩენას, რომ შობის და აღდგომის დღესასწაულებზე უშუამდგომლოს გარკვეული რაოდენობის მსჯავრდებულებს.

3. საქართველოდან კოლოსალური რაოდენობის მოქალაქე გაურბის სიდუხჭირეს, გაჭირვებას, რუსულ რეჟიმს და ამ ფონზე აბსოლუტურად უკონტროლოდ, ზღვარგადასული რაოდენობით ჩვენ ქვეყანაში შემოდიან რუსები, პაკისტანელები, ინდოელები, ირანელები და ა.შ. უპირობოდ შეწყდება უკონტროლოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება და გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იგივე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ზომიერების ფარგლებში, შეეძლებათ ესტუმრონ საქართველოს და არა ჩაანაცვლონ საქართველოს მოქალაქეები.

რაც შეეხება მეოთხე პუნქტს, ნადარეიშვილის განცხადებით, ის ეხება ყბადაღებულ გამოთქმას "აბა ომი გინდათ?!" და შემდეგი შინაარსისაა:

4. ოკუპანტ რუსეთთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას.

5. საქართველოში მცირდება შობადობა და სიკვდილიანობა იზრდება - აქედან გამომდინარე, ამ ფონზე იშლება ოჯახები და მათი უმრავლესობა საქართველოდან გადახვეწით შველის საკუთარ თავს. ჩვენთვის ოჯახი, გამრავლება არის პრიორიტეტი და შესაბამისად, ქორწინება, ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა გახდება ფინანსურად წახალისებული და უზრუნველყოფილი. 

რაც შეეხება +1 პუნქტს, ნადარეიშვილის თქმით, ის შემდეგი შინაარსისაა:

როგორც კი ამ 5 პუნქტზე შევთანხმდებით და ფორსირებულად პასუხს გავცემთ პროპაგანდას ყოველგვარი ჭოჭმანის, ჭრიალისა და ენის მოჩლექის გარეშე, შემდეგ უკვე შევძლებთ გადავიდეთ ასევე უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ეს არის: ევროპასთან ინტეგრაცია, დასავლურ ვექტორზე დაბრუნება, საკანონმდებლო ბაზის გასწორება, რომ უსწრაფესად დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახს - ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საბანკო ოლიგარქიის დასრულებაზე, ეკონომიკურ სიკეთეებზე და დოვლათზე, რომელსაც მიიღებს ხალხი და +1 პუნქტი: საქართველო ივანიშვილის გარეშე. ამ პუნქტის შეუსრულებლობის გარეშე საბოლოოდ გადაიჩეხება ჩვენი ქვეყანა, რაც ცხადია, არ უნდა დავუშვათ.

კომენტარები