საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა ხიდი, თბილისის მიმართულება), დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილის ფილა, რის გამოც 4 დღით მოძრაობა შეიზღუდება და ერთ ზოლზე იქნება შესაძლებელი.
"დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოების გამო, აღნიშნულ ადგილზე დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 4 დღის განმავლობაში დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, არსებული ხიდის სრული რეაბილიტაციის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, რის გამოც ხიდზე პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები.
ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
მძღოლებს შექმნილი დროებითი შეზღუდვის გამო ბოდიშს ვუხდით და გთხოვთ, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება". - წერს დეპარტამენტი.




