აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯა მელონის შორის დაპირისპირება გრძელდება მას შემდეგ, რაც ტრამპმა 19 ივნისს განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე მელონი მას ფოტოს გადაღებას "ევედრებოდა".
გუშინდელი სიტყვა-პასუხის შემდეგ, იტალიისა და აშშ-ს ლიდერებს შორის სოციალურ მედიაში კამათი დღეს, 20 ივნისს, კვლავ განახლდა, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ იტალიაში მელონის საქმე "პოპულარობის დონის გამო" ცუდად მიდის და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეხვედრის დროს მელონი ფოტოს გადაღებას ითხოვდა. ტრამპის პოსტს იტალიის პრემიერმინისტრის მხრიდან მორიგი გამოხმაურება მოჰყვა.
"პრეზიდენტო ტრამპო, ეს მუდმივი, არაპროვოცირებული თავდასხმები აზრმოკლებულია. რაც შეეხება ჩემს პოპულარობას, თქვენთან მეგობრობა ამ მხრივ ნამდვილად არ დამეხმარა და ეს არც თქვენთან ჩემს ურთიერთობაზეა დამოკიდებული. ჩემი პოპულარობა დამოკიდებულია ჩემს უნარზე, დავიცვა იტალიის ეროვნული ინტერესები და ყოველთვის სწორედ ამას ვაკეთებდი.
სწორედ ამიტომ მოვიქეცი ასე იტალიაში ამერიკულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით. მათი გამოყენება ექვემდებარება შეთანხმებებს, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და მათი დარღვევა ვერ მოხდება მანამ, სანამ მე პრემიერმინისტრი ვარ. იტალია სუვერენული სახელმწიფოა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პოპულარობა თქვენი სადარდებელი არ არის. ჩემი რჩევაა, რომ საკუთარ პოპულარობას მიხედოთ." – უპასუხა მელონიმ ტრამპს.
მელონის პოსტის მეორე ნაწილში საქმე ეხება ტრამპის ნათქვამს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ს საბრძოლო მოქმედებების დროს იტალიამ ვაშინგტონს აეროდრომების გამოყენების საშუალება არ მისცა, "მიუხედავად იმისა, რომ აშშ ყოველწლიურად იტალიის დასაცავად მილიარდობით დოლარს გამოყოფს".
ცნობისთვის, ლიდერებს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა G7-ის სამიტის შემდეგ იტალიურ მედიასთან საუბრისას პრეზიდენტ ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, თუმცა, ტრამპმა მელონისთან შეხვედრის შესახებ დაიწყო საუბარი.
La7-ს მიხედვით, ტრამპმა თქვა, რომ მელონი მას ფოტოს გადაღებას "ევედრებოდა." აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მას ეს არ ევალებოდა, მაგრამ მელონი "შეეცოდა" და ფოტოს გადაღებაზე დათანხმდა.
მოგვიანებით ტრამპის ნათქვამს მელონი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა, რომ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება "სრულად არის შეთხზული".
"მე და იტალია არასდროს არ ვიმათხოვრებთ." – დაამატა მელონიმ ვიდეო მიმართვაში, რომელშიც მან აშშ-ს პრეზიდენტი დასავლეთის მტრების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.
მხარეებს შორის დაპირისპირების ფონზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტიც გააუქმა და განაცხადა, რომ ტრამპის სიტყვები მელონისა და მთლიანი იტალიის მიმართ "სერიოზული და შეურაცხმყოფელი" იყო.




