ირანის ცენტრალურმა სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ხელახლა დახურავენ ლიბანში ისრაელის იერიშების გამო, რასაც თეირანი აშშ-სთან დადებული შეთანხმების დარღვევას უწოდებს.
"ვაცხადებთ, რომ ხომალდების მიმოსვლისთვის ჰორმუზის სრუტე დაიხურება; აღსანიშნავია, რომ ეს პირველი საპასუხო ნაბიჯია მტრის მხრიდან დაპირებების დარღვევაზე და თუ აგრესია გაგრძელდება, დამატებითი ნაბიჯებია დაგეგმილი და გადასადგმელი, რათა მტერს აღებული ვალდებულებების დაცვა ვაიძულოთ." – განაცხადა ხათამ ალ-ანბიას ცენტრალურმა შტაბმა.
ირანული მხარის განცხადების შემდეგ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-ის ეთერში თქვა, რომ ჰორმუზის სრუტის დახურვის "არანაირი მტკიცებულება" არ არსებობს.
მისივე თქმით, მომდევნო დღეებში შვეიცარიაში გაემგზავრება, სადაც ირანის დელეგაციასთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს. პარალელურად, ირანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, თეირანი აშშ-სთან მოსალაპარაკებლად შვეიცარიაში ჯგუფს გაგზავნის. აღნიშნულ ინფორმაციას ირანული მაუწყებელი საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, შვეიცარიაში აშშ-ირანის მოლაპარაკებების დაწყება 19 ივნისს იგეგმებოდა, თუმცა, შეხვედრა წინა დღით "ლოჯისტიკური" მიზეზებით გადაიდო.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებს დაარტყეს მას შემდეგ, რაც მათივე ცნობით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ გასულ ღამეს მათი სამხედროების მიმართულებით 50-ზე მეტი ჭურვი ისროლა.




