პოლიტიკური კრიზისი

მელია: განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს

ტაბულა

​ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განსაკუთრებული მადლობა ლიტვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს გადაუხადა. მელიას თქმით, მისი დაკავების შემდეგ პავილიონისმა საერთაშორისო საზოგადოება "გამოაღვიძა".

"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს, ეს არის ადამიანი, ლიტვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც, გადაჭარბების გარეშე, გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ, როდესაც, ალბათ, ყველაზე უფრო მეტად მიჭირდა ბევრი თვალსაზრისით, ჩამოფრინდა ლიტვიდან საქართველოში და მოვიდა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ.

რომ არა ბატონი პავილიონისი, არა მგონია ის შედეგი დამდგარიყო, რომელიც დადგა, ვგულისხმობ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გამოხმაურებებს". – თქვა მელიამ.

ნიკა მელიას მიერ საპატიმროს დატოვებას Facebook-ზე გამოეხმაურა ჟიგიმანტას პავილიონისიც. 

"საბოლოოდ ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია თავისუფალია. მადლობა ევროკავშირს, აშშ-ს და მე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდენტისგან კრიტიკა მივიღე, თავისუფლება დაცულია". – წერს პავილიონისი. 

ნიკა მელიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს. 


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 10 მაისს მიიღო.  აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, რაც ევროკავშირმა თავისი ერთერთი ფონდის, EED-ის დახმარებით წინასწარ გამოყო ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარის ოდენობით.

ნიკა მელიას გათავისუფლება 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტით იყო გათვალისწინებული. დოკუმენტის ტექსტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეიმუშავა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 23 თებერვალს დააკავეს. მის დასაპატიმრებლად და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მისი დარბევა დასჭირდა. 

კომენტარები