საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმა, პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეცვალა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, შედეგად, ნიკა მელია დღესვე, 10 მაისს უნდა გათავისუფლდეს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან.
აღკვეთის ღონისძიების ფორმის მოთხოვნით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, რაც ევროკავშირმა თავისი ერთერთი ფონდის, EED-ის დახმარებით წინასწარ გამოყო ნიკა მელიას გირაოს თანხა.
8 მაისს EED-მ თანხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჩაურიცხა, ხოლო საიამ კი, თავის მხრივ, სასჯელაღსრულების ბიუროს ანგარიშზე შეიტანა.
გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით 9 მაისს მიმართა, სასამართლომ კი პროცესი 10 მაისს დანიშნა.
ნიკა მელიას გათავისუფლება 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტით იყო გათვალისწინებული. დოკუმენტის ტექსტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეიმუშავა.
ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დათანხმებულიყო ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნებოდა.
პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.
შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას).
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ამავდროულად, მას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეეზღუდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ ერთერთ აქციაზე ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო, თქვა, რომ ის აღარ აპირებდა ამ "უსამართლობის სიმბოლოს" ტარებას. ამის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ოპოზიციონერმა ლიდერმა თქვა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებდა.
16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 23 თებერვალს დააკავეს. მის დასაპატიმრებლად და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მისი დარბევა დასჭირდა.
მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც იმყოფებოდა თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს. გახარიას თქმით, მისი გადადგომის მიზეზი ის იყო, რომ თანაგუნდელებთან ნიკა მელიას დაკავების საკითხზე ვერ შეთანხმდა.