ალექსეი ნავალნი

РБК: ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ნაწილი და სტუდია საქართველოში გადმოდის

ალექსეი ნავალნი
CNN

რუსული მედიის, РБК-ის ცნობით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი გადაცემების საქართველოდან ტრანსლირებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც სააგენტო წერს, საქართველოში უკვე გადმოვიდა ფონდის რამდენიმე წევრი, მათ შორის გიორგი ალბუროვი, რუსლან შავედდინოვი და ტექნიკური თანამშრომლები. წყაროზე დაყრდნობით РБК ასევე წერს, რომ საქართველოში გამოგზავნილია ძვირადღირებული ტექნიკის ნაწილიც. 

აპრილის შუა რიცხვებში ნავალნის შტაბები და კორუფციასთან ბრძოლის ფონდი რუსეთის პროკურატურამ გაჩხრიკა. უწყების დასკვნით, "ორგანიზაციის საქმიანობის ფაქტობრივი მიზანი არის პირობების შექმნა, რათა მოხდეს სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლების ცვლილებები, მათ შორის "ფერადი რევოლუციის" სცენარის გამოყენებითაც".

აპრილის ბოლოს კი მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდსა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდს, რომელთაგან ორივე უცხოეთის აგენტადაა გამოცხადებული, აუკრძალა საქმიანობა იქამდე, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტს, არის თუ არა ეს ორგანიზაციები ექსტრემისტული.

მაისის დასაწყისში კომანდა 29-მ, რომელიც ფონდს იურიდიულ დახმარებას უწევს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პირველ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

გასული წლის ზაფხულში მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი "უცხოეთის აგენტის" კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და ჯარიმა დააკისრა. ფონდი  უცხოეთის აგენტთა სიაში 2019 წლის 9 აგვისტოს შეიყვანეს. 

31 იანვარს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირებისთვის სანქციების დაწესების თხოვნით მიმართა.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული ფონდის რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კორუფციის გამოვლენაზე მუშაობს. ფონდმა არაერთხელ დაადანაშაულა მთავრობა თავისი გამოძიებების გამო ფონდის წევრების დევნაში. ფონდის გამოძიებებს შორის ყველაზე გახმაურებული პუტინის სასახლეზე მომზადებული სიუჟეტია, რომელმაც YouTube-ზე ამ დროისთვის 115 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები